ახალი ამბები

„ჩალის ფასიც არა, ჩალაძის ფასი აქვს [ევროპარლამენტის] რეზოლუციას“ — კობახიძე

26 აპრილი, 2024 • 1498
„ჩალის ფასიც არა, ჩალაძის ფასი აქვს [ევროპარლამენტის] რეზოლუციას“ — კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, „ოდიოზურ ევროპარლამენტარებს“ და „მათ უფროსებს“ საქართველოში რევოლუციის მოწყობა სურთ.

კობახიძემ გააკრიტიკა ევროპარლამენტის რეზოლუცია „საქართველოში უცხოური აგენტის კანონის აღდგენის მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“.

„ეს პროცესი არის იმ ყველაფრის გამეორება, რაც ხდებოდა 2022 წელს. მაშინ იცოდნენ კონკრეტულმა ძალებმა, მათ შორის ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა, რომ 2022 წლის ივნისში ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ქმნიდნენ ნეგატიურ ფონს, აშანტაჟებდნენ ქართულ საზოგადოებას. მაშინ მიიღეს 3 სხვადასხვა რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით, მათ შორის, სადაც საუბარი იყო დამნაშავეების გათავისუფლებაზე და ბიძინა ივანიშვილის დასჯაზე. ეს იყო ერთგვარი მოსამზადებელი ფონი იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების შემდეგ საქართველოში მომხდარიყო რევოლუცია. თუმცა ფარატინა ქაღალდებად დარჩა ეს რეზოლუციები და საბოლო ჯამში, მართალია, არა იმ წლის ივნისში, მაგრამ მომდევნო წელს საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ყველაფერი არის მარტივი დეჟა-ვუ“, — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „ოდიოზურ ევროპარლამენტარებს“ ახლაც აქვთ გათვლა, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და შესაბამისად ცდილობენ, რომ „ჩაუფინონ ნეგატიური ფონი“.

„როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი… უფრო მეტიც, ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს ამ რეზოლუციას ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მთავარია სიმართლე. მიზანი არის ისევ და ისევ იმ პროცესების ხელშეწყობა, რომელიც ჩაუვარდათ 2022 წელს. ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს, მათ უფროსებს, ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი — რომ რამენაირად ხელოვნურად გამოიწვიონ მღელვარება ქართულ საზოგადოებაში, რომ მოახერხონ ხელისუფლების ხელოვნურად შეცვლა“, — განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ როგორც 2022 წელს ვერ მოახერხეს რევოლუციის გამოწვევა, ვერც ამ შემთხვევაში მოახერხებენ“.

კობახიძის თქმით, ჩალის ფასი აქვს რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციასთან, „ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა“ და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე ჩანაწერებს.

„ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი და არათუ ასეთი შანტაჟის ენით უნდა ესაუბრებოდეს ვინმე ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, არამედ პირიქით უნდა ზრუნავდნენ, მაგალითად აშშ-ში უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე. ეს არის ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობა“, — დასძინა კობახიძემ.

ევროპარლამენტმა 425 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია „საქართველოში უცხოური აგენტის კანონის აღდგენის მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“.

ევროპარლამენტის თანახმად, საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ „აგენტების კანონი“ მისი სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება. ამასთან, ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ერთობლივი რეზოლუციის პროექტში შესწორებებს, რომელიც ითვალისწინებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის კრიტერიუმების შესრულების შემოწმება.

ევროპარლამენტის რეზოლუცია მოჰყვა ქართული ოცნების მხრიდან ხალხისთვის მიცემული პირობის დარღვევას და რუსული კანონის ხელახალ ინიციირებას, რასაც მკვეთრად აკრიტიკებენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი