ახალი ამბები

“ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე МИР-ით გადახდის ფუნქცია გაუქმდა

10 მარტი, 2022 • 1494
“ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე МИР-ით გადახდის ფუნქცია გაუქმდა

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე რუსული საბანკო სისტემით, МИР-ით გადახდის ფუნქცია გაუქმდა.

კომპანია აცხადებს, რომ МИР-ის ლოგო საიტზე “ჯორჯიან ეარვეისის” პარტნიორ ესპანურ კომპანია websky-ს ჰქონდა მითითებული საიტის განახლებამდე. კომპანიის მტკიცებით, საიტის განახლება ახლა დასრულდა.

“ჯორჯიან ეარვეისის” განცხადებით, ბილეთების დაჯავშნა მხოლოდ VISA, MasterCard-ის და Amex-ის ბარათებითაა შესაძლებელი:

“ჩვენს ინტერნეტ დაჯავშნის პროვაიდერს (websky.tech), რომელიც ესპანური კომპანიაა, განთავსებული აქვს ლოგოები დაჯავშნის ძრავზე, როგორც, მაგალითად, Mastercard, Visa და MIR, რადგან მათი კლიენტების უმეტესობა იყენებდა ამ პროვაიდერებს (მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენი ბილეთების დასაჯავშნად გამოიყენებოდა მხოლოდ VISA, MasterCard და Amex). ჩვენ გადავედით websky ინტერნეტ დაჯავშნის სისტემაზე 2021 წლის 15 დეკემბერს და მას შემდეგ ყველა გადახდა გადის BOG-ის მეშვეობით.

ყველა ლოგოს ნახვა შესაძლებელი იყო ჩვენს ვებსაიტზე, რადგან websky-ს არ განუხორციელებია ახალი განახლებები თავის ძრავზე და ეს ჩვენი მხრიდან იქნა განხილული ჯერ კიდევ ამ სისტემის შეცვლამდე. გვინდა გაცნობოთ, რომ ეს განახლება უკვე დასრულდა”, – განმარტავს კომპანია.

გუშინ, 9 მარტს და დღეს, 10 მარტს გავრცელებულ განცხადებებში “ჯორჯიან ეარვეისი” აღნიშნავს, რომ რუსული საბანკო სისტემით – МИР არცერთი ფრენის ბილეთი არ გაუყიდიათ.

“ჯორჯიან ეარვეისის” საიტი 9 მარტს

“ჯორჯიან ეარვეისის” საიტი 10 მარტს

Мир რუსული ბაზრისთვის შექმნილი საბანკო საბარათო სისტემაა [ვიზას და მასტერქარდის მსგავსი] და საქართველოში ოფიციალურად არ გამოიყენება. „ჯორჯიან ეარვეისის“ საიტზე, გადახდის სისტემაში, „მასტერქარდთან“ და ვიზასთან ერთად, გუშინ, 9 მარტს, რუსული Мир-იც იყო დამატებული.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ეროვნულმა ბანკმაც. ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები არ თანამშრომლობენ გადახდების სისტემების კომპანია “Мир”-თან, ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს. ამასთან, მათი ინფორმაციით, საგადახდო სისტემების კომპანია Мир თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით, შესაძლოა, არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს.

„ევროპელი სოციალისტების” წევრი დეპუტატი ფრიდონ ინჯია ფიქრობს, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთის საბანკო სისტემა Мир-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი