ახალი ამბები

არაფერია პრობლემური — თურნავა „აირზენას“ რუსეთში ფრენების €600 000-ით დაფინანსებაზე

5 სექტემბერი, 2019 • 2351
არაფერია პრობლემური — თურნავა „აირზენას“ რუსეთში ფრენების €600 000-ით დაფინანსებაზე

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა აცხადებს, რომ არაფერია იმაში განსაკუთრებული, სახელმწიფო „დაეხმაროს ეროვნულ კომპანიას, მით უმეტეს, თუ მისი 60% რუსეთის ბაზარზე იყო დამოკიდებული“. მან ეს განცხადება ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისზე“ [„აირზენაზე] კითხვის პასუხად გააკეთა.

საქართველოს მთავრობის 24 ივლისის დადგენილებით, სახელმწიფო 600 000 ევრომდე თანხით დააფინანსებს ფრენებს საქართველოდან რუსეთის მიმართულებით და უკან ერევნის გავლით. ამ გადაწყვეტილებაზე ნათია თურნავას 5 სექტემბერს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კითხვები დაუსვეს.

თავდაპირველად ნათია თურნავამ განაცხადა: „არასწორია, თითქოს თანხები გაიცა, მიეცა კომპანიას, მიეცა „აირზენას“ და ა.შ… აქ ხდება მარკეტინგული მხარდაჭერა მიმართულებების. ის, რომ ერევანი გაჩნდა ამ მიმართულებებში, ეს არ არის ჩვენი დიდი სურვილი. ეს სიტუაციამ მოიტანა. ამ ტურისტული კრიზისის გამო ისეთ რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ ჩვენი თანამემამულეები — ბიზნესი, ტურიზმი — რომ ჩვენ აბსოლუტურად შეგნებულად გადავიწყვიტეთ, ეს მიმართულებაც დაგვემატებინა, რათა შეგვერბილებინა ეს ლოგისტიკური პრობლემები. ეს იყო ჩვენი ტურისტული ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი ნაწილი“.

მან ასევე განაცხადა, რომ ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა, პროცესს „აეროპორტების გაერთიანება“ უძღვება და მიმდინარეობს მზადება ტენდერისთვის, „გაიმართება ტენდერი და, შესაბამისად, ვინც მოიგებს, ის აითვისებს თანხებს“.

სინამდვილეში, მართალია, მთავრობის დადგენილებაში არ არის დასახელებული კომპანია, რომელიც კონტრაქტორი გახდება, თუმცა აღნიშნულ მარშრუტზე ამჟამად დაფრინავს სწორედ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ [ყოფილი „აირზენა]. თურნავამ ასევე განაცხადა:

„არც იმაში ვხედავ რაიმე განსაკუთრებულს, რომ … მივიღოთ გადაწყვეტილება და დავეხმაროთ რომელიმე ეროვნულ, ადგილობრივ კომპანიას, მით უფრო, თუკი მისი 60% იყო რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული, „აირზენას“ ვგულისხმობ. ის კრიზისი, რაც მოხდა, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა და არაფერია აქ ისეთი პრობლემური, რომ სახელმწიფო ასეთ დროს თავის კომპანიებს დაუდგეს გვერდში. ჩვენ ვერანაირი კრიტიკა ვერ აგვაღებინებს ხელს ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაზე“.


20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა საქართველოს მიმართულებით საჰაერო გადაყვანები, მათ შორის, კომერციული ხასიათის. აკრძალვა 8 ივლისიდან შევიდა ძალაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი