ახალი ამბები

პრემიერი “აირზენას” დროებით ექსპროპრიაციაზე აფრთხილებს

23 მარტი, 2020 • 2391
პრემიერი “აირზენას” დროებით ექსპროპრიაციაზე აფრთხილებს

“მე ვფიქრობ, “აირზენას” დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, რომ ევროპაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით დაგეგმილი რეისები არ სრულდება.

ჟურნალისტის თქმთ, ამის შესახებ მან “აირზენას” (“ჯორჯიან ეარვეიზი”) დირექტორმა განუცხადა. ჟურნალისტმა გახარიას ჰკითხა, მისი განკარგულებით არის თუ არა შეზღუდული “აირზენას” რეისები.

“ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად სწრაფად და ორგანიზებულად გამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები ევროპის და საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, არავის დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა.

თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე,  ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან ექსპრორირებული სახელმწიფოს ინტერესებში – დროებით, რა თქმა უნდა. ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს პირადად ჩემგან”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს newsreport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია “აირზენას” მიერ დაგეგმილი ვენისა და ამსტერდამის რეისები, რომლებსაც ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები უნდა ჩამოეყვანა, მთავრობის გადაწყვეტილებით გაუქმდა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელობა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მზად ვართ, ნებისმიერი მიმართულებით შევასრულოთ რეისები, თუ ამაზე იქნება საქართველოს მთავრობის მითითება. ამ რეგულარული რეისებიდან ნებართვა გვაქვს ხვალ ბერლინზე, არ გვაქვს ნებართვა დღეს ვენაზე, ხვალ არ გვაქვს ნებართვა ამსტერდამზე და ზეგ არ გვაქვს ნებართვა პარიზზე. ჩვენ რეგულარული რეისების შესასრულებლად ვიყავით მზად და ახლაც ვართ. შეგვიძლია ახლავე გავფრინდეთ და ჩამოვიყვანოთ“, – აცხადებს „ჯორჯიან ეარვეიზის” დირექტორი რომან ბოკერია newsreport-ის ცნობით.

რომან ბოკერიამ დღეს “მთავარი არხის” ეთერშიც განაცხადა, რომ მათი თვითმფრინავები პერსონალთან ერთად მზად არის, შეასრულოს ჩარტერული რეისები ევროპის ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით, რათა ჩამოიყვანონ საქართველოს მოქალაქეები. ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ ფრენის ნებართვას საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდება.

“რატომ არ გვაძლევს მთავრობა ნებართვას, არ ვიცი, თავს შევიკავებ, მაგრამ სიტუაცია არის ასე: ჩვენ მზად ვართ, შევადრულოთ რეისები”, – უთხრა ბოკერიამ “მთავარ არხს”.

რეგულარული ავიარეისების შეჩერების გამო საქართველოს ასეულობით მოქალაქე, სურვილის მიუხედავად, ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი