ახალი ამბები

“ტავ ჯორჯია” Georgian Airways-ს დავალიანების გადაუხდელობაში ადანაშაულებს

11 მარტი, 2019 • 2149
“ტავ ჯორჯია” Georgian Airways-ს დავალიანების გადაუხდელობაში ადანაშაულებს

აეროპორტების კომპანია “ტავ ჯორჯია” ავიაკომპანია Georgian Airways-ს ფინანსური დავალიანების გადაუხდელობაში ადანაშაულებს და სანქციების შესახებ აფრთხილებს. ეს არის პასუხი ავიაკომპანიის 7 მარტის განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ტავ ჯორჯია” არარეალური ვალების დაფარვას ითხოვს.

“ტავ ჯორჯია” აცხადებს, რომ Georgian Airways-ის დავალიანება, დღევანდელი მონაცემებით, 9 მილიონ ლარს აღემატება. განცხადების თანახმად, ავიაკომპანიას გადახდის გრაფიკი დაუწესეს, თუმცა ავიაკომპანია ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე კვლავ უარს ამბობს.

“ტავ ჯორჯიას” განცხადებით, თუ Georgian Airways არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, ის “იძულებული გახდება შეუზღუდოს ავიაკომპანიას აეროპორტის სერვისების და ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა.

“ტავ ჯორჯიას მიერ Georgian Airways-ისთვის გაგზავნილი წინასწარი შეტყობინებებისა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ავიაკომპანია უარს ამბობს დაიცვას თავისი მგზავრების ინტერესები და შეასრულოს ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

“ტავი” ასევე აცხადებს, რომ ურთიერთობის 14 წლის მანძილზე, ავიაკომპანია არაერთი პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობდა. მათ შორის აეროპორტების კომპანია ასახელებს სერვისებზე ფასდაკლებებს, გადახდის სპეციალურ გრაფიკებსა და სპეციალურ ტარიფებს.

“ამ ყველაფრის ფონზე Georgian Airways ქსენოფობიური განცხადებებით, უსაფუძვლოდ ახდენს ტავ ჯორჯიას დისკრედიტაციას და კვლავ აგრძელებს საზოგადოების დეზინფორმაციას”, – აცხადებს ის.

მანამდე, 7 მარტს, Georgian Airways-მა განცხადება გაავრცელა, რომელშიც “ტავ ჯორჯიას” არარეალური ვალების დაფარვის მოთხოვნაში ადანაშაულებს. ავიაკომპანია აღნიშნავს:

“თურქული კომპანია “ტავ ურბან ჯორჯია” ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისს” თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განხორციელების საშუალებას არ აძლევს და ითხოვს არარეალური ვალების დაფარვას, რისი ერთადერთი მიზანიც ავიაკომპანიის და მისი მგზავრების გაძარცვაა.

ისეთი გადასახადები, როგორიც “ტავ ურბან ჯორჯიას” აქვს დაწესებული, არ არსებობს ევროპის თითქმის არცერთ აეროპორტში. “ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელობა თვლის, რომ “ტავ ურბან ჯორჯიას” მმართველობის პირობებში, შეუძლებელია ქართული ავიაციის ფუნქციონირება და შემდგომი განვითარება.

 ისეთი გადასახადები, როგორიც “ტავ ურბან ჯორჯიას” აქვს დაწესებული, არ არსებობს ევროპის თითქმის არცერთ აეროპორტში. “ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელობა თვლის რომ “ტავ ურბან ჯორჯიას” მმართველობის პირობებში, შეუძლებელია ქართული ავიაციის ფუნქციონირება და შემდგომი განვითარება”.

ავიაკომპანია “ტავ”-ს სამუშაოს უხარისხოდ შესრულებაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მაშინ, როცა “ტავ ურბან ჯორჯიას” საქართველოდან სუფთა მოგების სახით 400 მილიონ ლარზე მეტი გააქვს, თბილისს რეგიონში ყველაზე ცუდი აეროპორტი აქვს, ბათუმის აეროპორტში კი “გაუსაძლისი პირობებია”. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ კიდევ ერთ ბრალდებას “ტავ”-ის იმ ტაქსების “კაბალური ფასების” შესახებ, რომელთაც აეროპორტიდან მგზავრები თბილისის ცენტრამდე გადაჰყავთ.

Georgian Airways 12 მარტს, 15:00-ზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციასაც აანონსებს.

“ერთად გავაპროტესტოთ “ტავ ურბან ჯორჯიას” კაბალური მმართველობა ჩვენს ქვეყანაში”, – წერს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი