ახალი ამბები

პრეზიდენტი „აირზენას“ ბოიკოტს უცხადებს

20 მაისი, 2023 • 1485
პრეზიდენტი „აირზენას“ ბოიკოტს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „აირზენას“ ბოიკოტს უცხადებს.

„ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მე ვაწესებ ჩემთვის და მოგიწოდებთ, რომ თქვენც გაიზიაროთ, ბოიკოტს „აირზენაზე“. ეს არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს. ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა უნდა, ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც არის მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, თავს შეიკავებს ბორტის გამოყენებისგან, სანამ ის „აირზენას“ ხელში.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჩვენ ვნახეთ „აირზენას“ ხელმძღვანელის გახარებული განცხადებები და ეს კომპანია მზად არის, ფულისთვის ყველაფერზე წავიდეს.

სანქციების მოხსნის შემდეგ, ქართულმა ავიაკომპანია „აირზენამ“ 20 მაისს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა.

„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რომ მიესალმება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ჩვენს ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ.

„ეს ნანატრი ნაბიჯები პასუხობს მილიონობით ადამიანის მისწრაფებებს რუსეთსა და საქართველოში, რომლებიც დაკავშირებულია ისტორიის, ეკონომიკისა და კულტურის მრავალსაუკუნოვანი კავშირებით. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბიზნეს კლიმატს საქართველოსა და მის დღეისთვის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის“, — აცხადებს გაიაშვილი.


მოსკოვმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი