ახალი ამბები

“ამ დღეებში ევროპის დედაქალაქი თბილისია” – მიხაელ როთი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს მადლობას უხდის

25 აპრილი, 2024 •
“ამ დღეებში ევროპის დედაქალაქი თბილისია” – მიხაელ როთი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს მადლობას უხდის

“პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ამ დღეებში ევროპის დედაქალაქი არის არა ბრიუსელი, არა პარიზი, არა მადრიდი, არამედ თბილისი, სადაც ათასობით ადამიანი ქუჩაშია გამოსული, რათა დაიცვას არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ჩვენი ერთობლივი ევროპული ფასეულობები”, – ამბობს ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი ტელეკომპანია “მთავართან” ინტერვიუში.

მიხაელ როთი მორიგჯერ აღნიშნავს, რომ კანონი, რომელსაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონი ეწოდება, შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან.

“დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იმსახურებს შანსს, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი არა მთავრობის გამო, არამედ იმ ახალგაზრდების გამო, რომლებიც იცავენ ევროპულ ფასეულობებს და მე სრულად ვეთანხმები კანცლერ შოლცს, რომელმაც განაცხადა, რომ ეს კანონი საქართველოს არ სჭირდება.

ჯერ გვიანი არ არის, გვიანდება, მაგრამ დრო კიდევ რჩება. მნიშვნელოვანია, ყველამ გაიგოს, რომ ჩვენი მთავარი გამაერთიანებელი არის საერთო ღირებულებები. ეს კანონი კი შეუთავსებელია ჩვენს ღირებულებებთან. ეს მხოლოდ ჩემი ან ჩემი პარტიის მოსაზრება არ არის, ასე თვლის ევროპაში ყველა, სწორედ ამიტომ გააკრიტიკა ყველამ ეს კანონპროექტი და სწორედ ამიტომ ვითხოვთ ამ კანონპროექტის გაწვევას. მე იმედი მაქვს, რომ თბილისში მიიღებენ ამ გზავნილს. გვიანდება, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო”, – ამბობს მიხაელ როთი.


17 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

მესამე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო ფონდებს, მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს ანიჭებს.

ამავე თემაზე:

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უვიზო მიმოსვლის შესაძლო გადახედვას ითვალისწინებს

მასალების გადაბეჭდვის წესი