ახალი ამბები

TI მთავრობას GRECO-ს ანგარიშის დამალვაში ადანაშაულებს — კობახიძე უარყოფს

26 აპრილი, 2024 • 1165
TI მთავრობას GRECO-ს ანგარიშის დამალვაში ადანაშაულებს — კობახიძე უარყოფს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ (TI) განცხადებით, საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს. ორგანიზაციის განცხადებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და განაცხადა, რომ დოკუმენტი რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.

TI აღნიშნავს, რომ 2024 წლის 18-22 მარტს სტრასბურგში „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) 96-ე პლენარულ შეხვედრაზე დამტკიცდა საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში, რომელმაც შეაფასა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და ასევე, სამართალდამცავი ორგანოების კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების მექანიზმები.

ორგანიზაციის თქმით, შეფასებას თან ახლავს რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შესახებ ანგარიში საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 30 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს.

TI-ის თქმით, შეფასების ანგარიში ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ინტერესთა კონფლიქტი, თანამდებობის პირების მიერ საჩუქრის მიღების პოლიტიკა, ქონებრივი და ინტერესთა მდგომარეობის დეკლარაციები, მათი მონიტორინგი და დაწესებული სანქციები. ასევე, სამართალდამცავ უწყებებში დანერგილი ანტიკორუფციული და კეთილსინდისიერების მექანიზმები და მათი პრაქტიკაში გამოყენება.

„GRECO-ს მონიტორინგის მე-5 რაუნდის მაკოორდინირებელი უწყება ანტიკორუფციული ბიუროა. GRECO-ს რეკომენდაციების შესრულება ევროინტეგრაციის პროცესის ნაწილი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, დეოლიგარქიზაციის შემადგენელი კომპონენტიცაა.

სახეზე გვაქვს საშიში და საგანგაშო ტენდენცია, როცა საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის პროცესში მონაწილეობაზე ან/და შეფასებების საჯაროდ გამოქვეყნებაზე. შარშან საქართველოს მთავრობამ 20 წლის მანძილზე პირველად ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მონიტორინგზე უარი უთხრა. OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესში დაბრუნებისკენ ევროკომისია პირდაპირ მოგვიწოდებს“ ,— აცხადებენ ორგანიზაციაში.

TI-ის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭო პროცედურულად უშვებს შეფასების ანგარიშების საჯაროდ ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მას მხოლოდ ისეთი ქვეყნის მთავრობები იყენებენ, სადაც კორუფცია განსაკუთრებული პრობლემაა.

ორგანიზაცია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს GRECO-ს შეფასების ანგარიში და ასევე, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, შეუერთდნენ OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესს.

აღნიშნულ ბრალდებას უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის თქმით, გაცემულია თანხმობა ევროსაბჭოსთვის იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება.

„უკვე გვაქვს გაცემული თანხმობა, სტრასბურგისთვის, ევროსაბჭოსთვის, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება, დღეების ამბავია. როგორც კი ითარგმნება, ეს ანგარიში იქნება გამოქვეყნებული. ასეთ ტყუილებს როცა ავრცელებს ეს კონკრეტული ენჯეო, გასაგებია, რა არის მათი მიზანი“ ,— განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა ანტიკორუფციულმა ბიურომაც და აღნიშნა, რომ GRECO-ს შემფასებელი ჯგუფებისთვის დამტკიცებული სახელმძღვანელოს თანახმად, შეფასების პროცესის ყველა ეტაპი არის კონფიდენციალური, ვიდრე ქვეყანა არ უზრუნველყოფს მშობლიურ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტის საჯაროობას.

„2024 წლის 22 მარტს 96-ე პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის, საქართველომ იკისრა ვალდებულება, თარგმნოს ანგარიშები მშობლიურ ენაზე და უზრუნველყოს მათი საჯაროობა. ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენელმა სხდომის მიმდინარეობისას ასევე დაადასტურა ქვეყნის მზაობა, გონივრულ ვადაში თარგმნოს და გამოაქვეყნოს მიღებული ანგარიშები, რაც ასახულია GRECO-ს 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებაში“ ,— აცხადებენ ანტიკორუფციულ ბიუროში.
ანტიკორუფციულის თქმით, ანგარიშების თარგმნა, მისი მოცულობის გათვალისწინებით, საჭიროებს გონივრულ ვადას, რის გამოც ზემოაღნიშნული ანგარიშების უმეტესობა კვლავ არ არის გამოქვეყნებული და რჩება კონფიდენციალური.
„96-ე პლენარული სესიაზე დამტკიცებული 14 ანგარიშიდან ნათარგმნი და გამოქვეყნებულია მხოლოდ 3 ანგარიში. ანგარიშები არ გამოუქვეყნებიათ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის გერმანია, ბელგია, იტალია, ხორვატია, შვეიცარია, საბერძნეთი, ლიეტუვა, ყაზახეთი. შესაბამისად, თარგმნის დასრულებამდე და გამოქვეყნებამდე, თითოეული ამ ანგარიშის სტატუსი რჩება „კონფიდენციალური“ GRECO-ს რეგლამენტის შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ, შესაბამისი წესების დაცვით, დაუყონებლივ დაიწყო დამტკიცებული ანგარიშების თარგმნა და პროცესის დასრულებისთანავე ანგარიშები გამოქვეყნდება როგორც ბიუროს, ისე GRECO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი