ეკონომიკა

“ჯორჯიან ეარვეისი” აცხადებს, რომ МИР-ის მეშვეობით ბილეთებს თავად არ ყიდის

9 მარტი, 2022 • 2107
“ჯორჯიან ეარვეისი” აცხადებს, რომ МИР-ის მეშვეობით ბილეთებს თავად არ ყიდის

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” აცხადებს, რომ რუსული საგადახდო ბარათის, МИР-ის მეშვეობით ბილეთებს თავად არ ყიდის. კომპანია განმარტავს, რომ მას ხელშეკრულება აქვს დადებული ესპანურ კომპანია WebSky.tech-თან, რომელიც ამერიკულ საბარათე სისტემებთან ერთად, ბილეთებს МИР-ის მეშვეობითაც ყიდის.

“„ჯორჯიან ეარვეისს“ ხელშეკრულება აქვს დადებული ევროკავშირში (კერძოდ, ესპანეთში) რეგისტრირებულ, ესპანურ კომპანია WebSky.tech-თან, რომელიც არის ავიაბილეთების გაყიდვის საერთაშორისო სისტემა. მოცემული კომპანიის მეშვეობით მრავალი ავიაკომპანია ყიდის სამგზავრო ბილეთებს, მათ შორის, ჩვენც.

WebSky.net გაყიდვებს ახორციელებს ამერიკული საბარათე სისტემების Visa და Mastercard-ით და, აგრეთვე, МИР-ის მეშვეობით. მთლიანად ეს სისტემა მიერთებულია საქართველოს ბანკთან. აქედან გამომდინარე, თავისთავად გამორიცხულია, რომ ჩვენი ბილეთების შეძენა МИР-ის მეშვეობით განხორციელდეს”, – განმარტავს კომპანია.

“ჯორჯიან ეარვეისის” განცხადებით, კომპანიის მენეჯმენტს “არავითარი ზეგავლენის მოხდენა” არ შეუძლია WebSky.tech-ზე. ამასთან, ავიაკომპანიის თქმით, მათ საგადახდო ბარათის, МИР-ის მეშვეობით დღემდე არცერთი ბილეთი არ გაუყიდიათ.

Мир რუსული ბაზრისთვის შექმნილი საბანკო საბარათო სისტემაა [ვიზას და მასტერქარდის მსგავსი] და საქართველოში ოფიციალურად არ გამოიყენება. „ჯორჯიან ეარვეისის“ საიტზე გადახდის სისტემაში, „მასტერქარდთან“ და ვიზასთან ერთად, რუსული Мир-ია დამატებული.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ეროვნულმა ბანკმაც. ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები არ თანამშრომლობენ გადახდების სისტემების კომპანია “Мир”-თან, ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს. ამასთან, მათი ინფორმაციით, საგადახდო სისტემების კომპანია Мир თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით, შესაძლოა, არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს.

„ევროპელი სოციალისტების” წევრი დეპუტატი ფრიდონ ინჯია ფიქრობს, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთის საბანკო სისტემა Мир-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი