ახალი ამბები

„მივესალმები პუტინის გადაწყვეტილებას“ — „აირზენამ“ მოსკოვში I რეისი შეასრულა

20 მაისი, 2023 • 1435
„მივესალმები პუტინის გადაწყვეტილებას“ — „აირზენამ“ მოსკოვში I რეისი შეასრულა

სანქციების მოხსნის შემდეგ, ქართულმა ავიაკომპანია „აირზენამ“ თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, რომ ფრენა უფრო რუტინული იყო, ვიდრე გუშინდელი პირველი რუსული რეისი [თბილისში], სადაც მგზავრებს შამპანურით გაუმასპინძლდნენ.

„ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ პირველი თვითმფრინავი, რომელიც ოთხწლიანი შესვენების შემდეგ პირდაპირ რეისს თბილისი-მოსკოვს ახორციელებდა, აეროპორტ „ვნუკოვოში“ დაეშვა. ფრენა, პირველი რუსული რეისისგან განსხვავებით, რუტინული იყო, დაფრენის შემდეგ ტაშიც კი არ მოჰყოლია“, — წერს „რია ნოვოსტი“.

ამავდროულად, საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილის კომენტარს, რომ ფრენების აღდგენა „მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბიზნეს კლიმატს საქართველოსა და მის დღეისთვის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის“.

„მივესალმები რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ჩვენს ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. ეს ნანატრი ნაბიჯები პასუხობს მილიონობით ადამიანის მისწრაფებებს რუსეთსა და საქართველოში, რომლებიც დაკავშირებულია ისტორიის, ეკონომიკისა და კულტურის მრავალსაუკუნოვანი კავშირებით“, — აცხადებს გაიაშვილი.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა თამაზ გაიაშვილს, რომელმაც დაადასტურა, რომ რუსეთის ინტერესების სექციის მიერ გავრცელებული განცხადება მას ეკუთვნის.

მოსკოვმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი