ახალი ამბები

არჩევნები 2020: დღეს მეორე ტური იმართება, ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს

21 ნოემბერი, 2020 • 1539
არჩევნები 2020: დღეს მეორე ტური იმართება, ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს

დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, თუმცა მას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს ოფიციალური მონაცემი არ ასახავს რეალობას. 

მეორე ტური იმართება 17 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, პირველ ტურში კანდიდატებმა ვერ დააგროვეს ხმების სათანადო რაოდენობა – არჩევნებზე მისულთა ხმების 50%-ზე მეტი. 

ცესკოს მონაცემით, პირველ ტურში 13 მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს. 

პოლიტიკური ბოიკოტის მიუხედავად, ფორმალურად, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი,  ჯამში 6 საარჩევნო სუბიექტის წარდგენილი კანდიდატები.  

ცესკოს ცნობით, 21 ნოემბერს მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება; საარჩევნო ადმინისტრაცია იუწყება, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური საარჩევნო უბანი.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 2 140 210-ია.

ცესკომ მეორე ტურისთვის როგორც სადამკვირვებლო, ისე მედიაორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს გაუგრძელა რეგისტრაცია/აკრედიტაციის ვადა. თუმცა მეორე ტურს ოპოზიციის ბოიკოტის გამო სადამკვირვებლო ორგანიზაციები შემცირებული რესურსებით დააკვირდებიან, ოპოზიციურმა პარტიებმა კი საარცევნო უბნებიდან გაიწვიეს თავიანთი დამკვირვებლები. 

არჩევნების მეორე ტურის გამო მთავრობამ ორი დღით მოხსნა კოვიდ 19-ის პანდემიის გამო დადგენილი შეზღუდვები ღამის საათებში გადაადგილებაზე. 

საარჩევნო კანონმდებლობით მნიშვნელობა არა აქვს ამომრჩეველთა რა ნაწილი მიღეებს მონაწილეობას მეორე ტურში – გამარჯვებული მონაწილეთა უმრავლესობის ხმებით მიხედვით გამოვლინდება. 


მოკლედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე:


ცესკოს მონაცემებით, 2020 წლის პროპორციულ არჩევნებში პარტიებმა ხმების შემდეგი რაოდენობა მიიღეს: 

  1. „ქართული ოცნება“ – 48.22% / 928004 ხმა [61 მანდატი]
  2. ნაციონალური მოძრაობა- “ძალა ერთობაშია” – 27.18% /523123 ხმა  [34 მანდატი + 1 გაუნაწილებელი მანდატი] 
  3. ევროპული საქართველო – (3.79%, 72986 ხმა) 4 მანდატი + 1 გაუნაწილებელი მანდატი]
  4. სტრატეგია აღმაშენებელი –  3.15%/60671 ხმა –  [4 მანდატი]
  5. ლელო –  3.15%/ 60712 ხმა – [4 მანდატი ]
  6. პატრიოტთა ალიანსი – 3.14%/60480 ხმა – [4 მანდატი]
  7. გირჩი – 2.89%/55598 ხმა- [3 მანდატი + 1 გაუნაწილებელი მანდატი]
  8. ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ – 1.33%/25508 ხმა – 1 მანდატი + 1 გაუნაწილებელი მანდატი; 
  9. ლეიბორისტები –  1% /19314 ხმა –  [1 მანდატი ]

ოპოზიციური პარტიები ამ შედეგებს გაყალბებულს უწოდებენ.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი