ახალი ამბები

ჯაფარიძის თქმით, “გირჩი” პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

2 ნოემბერი, 2020 • 1171
ჯაფარიძის თქმით, “გირჩი” პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

“გირჩი” პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, არც დიდუბეში გამართულ არჩევნების მეორე ტურში აპირებს მონაწილეობის მიღებას, რადგან ბოიკოტის პირობებში მეორე ტური აზრს კარგავს.

“ჩვენი გადმოსახედიდან ამ ხელისუფლებას რესურსი ბოლომდე ამოწურული აქვს იმის, რომ ამ ქვეყანაში რამე სასიკეთოდ შეცვალოს, ამიტომ თვეების განმავლობაში ოპოზიციურ პარტიებთან ვთანამშრომლობდით, რათა მიგვეღწია კონკრეტულ შეთანხმებებზე იმ საკითხებზე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გვინდოდა პარლამენტში შესვლა, რათა ეს რაღაცები გაგვეკეთებინა.

ახლაც ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია “გირჩისთვის” პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო პარტიის სტატუსის მიღება, ასევე ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთიანობა. ამიტომ იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციურ პარტიებს ხელი აქვთ მოწერილი ჩვენთან შეთანხმებაზე, და [ისინი] უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე, ბოიკოტს უცხადებენ [არჩევნებს], “გირჩიც” უერთდება ამ ბოიკოტს”,-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკოს მონაცემებით, “გირჩმა” ოთხი მანდატი მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი