ახალი ამბები

“ლელო” პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

2 ნოემბერი, 2020 • 1083
“ლელო” პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

“ლელო” პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. აღნიშნულის შესახებ პარტიაში დღეს, 2 ნოემბერს განაცხადეს.

“დღეს იმსჯელა ლელოს პოლიტასბჭომ და გადაწყვიტა, არ შევიდეს ამ პარლამენტში, რადგან არ ვაპირებთ არალეგიტიმურად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციას”,- თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

“ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარდეს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რომლის შედეგებიც მართლაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას”, – დაამატა მან.

“ლელომ” ჯერ კიდევ პირველ ნოემბერს განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია.

ბოლო ორი დღის მანძილზე არაერთმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ არ აპირებს, შევიდეს პარლამენტში, ვინაიდან არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე ჩატარდა. მათ შორის არიან ენმ, “ევროპული საქართველო”, “ლეიბორისტული პარტია”, “მოქალაქეები” და სხვები.

არჩევნებიდან მეორე დღეს ოპოზიციის ორგანიზებით ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც არჩევნების შედეგების გაბათილება მოითხოვეს. კიდევ ერთი აქცია კვირას, 8 ნოემბერს იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი