რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსსელხოზნადზორის) ცნობით, მათი დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიწვევით.

მათივე განცხადებით, ვიზიტის მიზანს ქართული ლაბორატორიების აუდიტი წარმოადგენდა.

„რუსი სპეციალისტები გაეცნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მუშაობას, რომელიც ატარებს კვლევებს რუსული ბაზრისთვის განკუთვნილ მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მოქმედი ნივთიერებების ნარჩენი რაოდენობის შემცველობაზე. მათ შეაფასეს ორგანიზაციული სტრუქტურა, აღჭურვილობა, თანამშრომელთა კვალიფიკაცია, კვლევის მეთოდოლოგია და ფართის შესაბამისობა მოთხოვნებთან.

გარდა ამისა, ქართველმა კოლეგებმა დაადგინეს ნიმუშების კარანტინული ფიტოსანიტარიული მდგომარეობის განსაზღვრის წესი და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების გაცემის პროცედურა“, – აღნიშნულია როსსელხოზნადზორის განცხადებაში.

რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,ასევე აღნიშნულია, რომ შედეგების მიხედვით, როსსელხოზნადზორი აუდიტის აქტს კომპეტენციის, მეთოდებისა და კვლევის შედეგების დადასტურების შესახებ ლაბორატორიის მისამართით გაგზავნის.

რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა (როსპოტრებნადზორი ფუნქციურად ჰგავს როსსელხოზნადზორს, მაგრამ სხვა უწყებაა) საქართველოს თავი შეახსენა 2026 წლის ოქტომბერში, როდესაც ქართველ ღვინის, ლუდისა და გაზიანი სასმელების მწარმოებლებს რუსეთში პროდუქციის ექსპორტი სანიტარული მოთხოვნების დარღვევის მოტივით აუკრძალა. თავიდან შავ სიაში 7 კომპანია მოხვდა, რასაც შემდეგ კიდევ 3 დაემატა.

როგორ აისახა შეზღუდვები ოქტომბრის ექსპორტზე, ნოემბრის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

ღვინის 65%, ცალკეულ შემთხვევაში კი ხილ-ბოსტნეულის ექსპორტის 80%-ზე მეტი რუსეთზე მოდის.