მიხეილ ყაველაშვილმა კაზინოებისთვის საერთაშორისო ტურნირებზე საგადასახადო შეღავათების დაწესებას ხელი მოაწერა. ამის შემდეგ კანონი ძალაში შევიდა.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მაშინ მიიღო, როდესაც ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეს განიხილავდა.
ცვლილებების ინიციატორებს არგუმენტად ტურიზმის წახალისება მოჰყავთ, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილისთვის დასახელებული არგუმენტი არასაკმარისია.
ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის კაზინოებში თამაში მთლიანად აკრძალვაც მოითხოვა.
პროტესტი ღიად გამოხატა საპატრიარქომაც, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პარლამენტმა კანონი ისე სწრაფად მიიღო, რომ კითხვის დასმაც ვერ მოასწრეს.
კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ტურნირის მონაწილეთა 80% ან მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა (პირველი მოსმენით მიღებული ვარიანტი 70%-იან დაშვებას ითვალისწინებდა) და საპრიზო ფონდი 3 მლნ ლარს აღემატება, საერთაშორისო ტურნირის მომწყობს, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით, კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა არ მოუწევს.
აზარტული თამაშების ბრუნვამ 2025 წელს ₾89 მლრდ-ს მიაღწია, რაც მთლიანი ბრუნვის 1/3-ზე მეტია და სექტორებს შორის უპირობო პირველ ადგილზე იკავებს, თუმცა ეს თანხა ბრუნვას ასახავს და არა ინდუსტრიის მთლიან მოგებას.
