ახალი ამბები

“ოცნების მმართველობაში ყველაზე ცუდად ორგანიზებული” – საია 2020 წლის არჩევნებს აფასებს

8 ივლისი, 2021 • 1142
“ოცნების მმართველობაში ყველაზე ცუდად ორგანიზებული” – საია 2020 წლის არჩევნებს აფასებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა აოსციაცია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, გლობალური პანდემიის ფონზე, ახალი საარჩევნო სისტემის პირობებში ჩატარდა.

საიას თქმით, წინასაარჩევნო გარემო ძირითადად თავისუფალი იყო, თუმცა მას მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია. დოკუმენტის ავტორების თქმით, ეს უკავშირდებოდა ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის ზღვრის წაშლას, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, არასრულყოფილ კანონმდებლობასა და გამოძიების გაჭიანურებას წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის, ძალადობის, მუქარისა და ზეწოლის ფაქტებზე, რაც საბოლოოდ, საიას შეფასებით, უარყოფითად აისახა ნდობაზე საარჩევნო პროცესების მიმართ.

ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის საქმეების 2/3-ზე მეტ შემთხვევაში გამოძიება ჭიანურდება და პასუხისმგებელი პირები ჯერ კიდევ არ არიან გამოვლენილნი. ეს ნეგატიურად აისახება 2021 წლის წინასაარჩევნო გარემოზეც:

“კენჭისყრის დღეს საიას მისიამ სრულად მოიცვა 2 308 უბანი 750-მდე დამკვირვებლის მეშვეობით და არაერთი პროცედურული დარღვევა და ხარვეზი აღრიცხა, მათ შორის, ხმის მიცემის წესის დარღვევა, ერთი და იმავე პირის მიერ ხმის ორჯერ მიცემის ფაქტები, აგრეთვე, არასათანადო დოკუმენტაციით უბანზე დაშვება და ხმის მიცემა, გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები, არაუფლებამოსილი პირების ყოფნა უბანზე და შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებული ხარვეზები.

საიას მიგნებებით დასტურდება, რომ ამომრჩევლის ნების კონტროლი კენჭისყრის დღის მთავარი გამოწვევა იყო. ფაქტობრივად, უბნების დიდ ნაწილზე ამომრჩევლებს თვალთვალის და დაძაბულობის გარემოში უწევდათ ხმის მიცემა, რადგან მათ უბნებთან მყოფი კოორდინატორები აკონტროლებდნენ. ამის მიღმა დაფიქსირდა დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები. ნეგატიური ტენდენციის სახით გამოვლინდა დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში, ხოლო გასაჩივრებული ოქმების დიდი ნაწილის გადათვლაზე უარმა გააჩინა უნდობლობა შესაბამისი უბნების შედეგების მიმართ”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

საბოლოო ჯამში, დოკუმენტის ავტორების თქმით, რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ, რომელთა შორისაა არასაკმარისად სამართლიანი საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და დავების განხილვისას მიღებული გადაწყვეტილებები, წინასაარჩევნოდ სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვრის წაშლა, კენჭისყრის დღეს უბანზე არსებული პროცედურული ხარვეზები, შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული უზუსტობები, ასევე, პოლიტიზებული და ძალადობრივი გარემო, ეს არჩევნები, ორგანიზაციის შეფასებით, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ყველაზე ცუდად ორგანიზებულ არჩევნებად აქცია.

“ამან კი ხელი შეუწყო პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას, რომელთან გამკლავებაც მხოლოდ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ინიცირებული მედიაციის პროცესის შედეგად გახდა შესაძლებელი” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

საიამ, მიგნებებზე დაყრდნობით, შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა ნაწილი 2021 წლის საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დამტკიცდა. თუმცა, საიას შეფასებით, კვლავ რჩება საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც, ეფექტურ აღსრულებასთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების გასაუმჯობესებლად.

ორგანიზაციის რეკომენდაციებია:

  • ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე (ბუნებრივი ბარიერი), როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე;
  • მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონის საარჩევნო კომისიის სრულად პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსენსუსზე დაფუძნებული წესით; აგრეთვე, აუცილებელია საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე რეგულაციების დახვეწა და გაუმჯობესება;
  • არჩევნების წინა დღე „სიჩუმის დღედ“ გამოცხადდეს; ამასთან, საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრის რადიუსში ნებისმიერი არაუფლებამოსილი პირის ყოფნა აიკრძალოს;
  •  დადგინდეს მკაფიო რეგულირება, რომელიც შესაბამის პირებს ონლაინ აგიტაციას აუკრძალავს;
  •  საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო რეგისტრაციისას პარტიულ სიაში საარჩევნო სუბიექტებისთვის 50%-იანი განსხვავებული სქესის წარმომადგენლობის ვალდებულება დადგინდეს;
  • შემაჯამებელ ოქმში დისბალანსის შემთხვევაში საუბნო კომისიას დაეკისროს ვალდებულება, გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები.

მასალების გადაბეჭდვის წესი