კომენტარი

„სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია“ – კობახიძე მელიაზე თავდასხმის შესახებ

30 ოქტომბერი, 2021 • 2018
„სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია“ – კობახიძე მელიაზე თავდასხმის შესახებ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვაზისუბანში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას აცხადებს, რომ სადაც არის მელიაა, იქ  პროვოკაციაა.

მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, მომხდარი სამწუხაროა, თუმცა პროვოკაციებისგან თავშეკავებისკენ ისევ ნიკა მელიას მოუწოდა, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ ვაზისუბანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ფიზიკურად გაუსწორდნენ:

„ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა ასეთი პროვოკაცია და ჩვენ ვიცით, რომ სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია. ეს არ მოხდა მეშვიდედ, მერვედ და მეათედ, ეს მოხდა მეოცედ ჩვენი უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში. სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია და ეს არის სამწუხარო, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის რეაგირებაც არის სამწუხარო.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველას, როგორც პროვოკატორებს, მაგალითად, მელიას, თავი შეიკაონ ასეთი პროვოკაციებისგან. ასევე ყველას მოვუწოდებ, მათ შორის, ჩვენს მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ ასეთ პროვოკაციებს და არ მოახდინონ არაჯანსაღი რეაგირება ასეთ პროვოკაციებზე“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

ისნის 62-ე საარჩევნო უბანთან, სადაც ელექტროენერგია გამოირთო, რამდენიმე წუთის წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა – ენმ-ის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას ხელი დაარტყეს. მობილიზებულია პოლიციაც.

უბანზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კენჭისყრის ოთახში შუქი ჩაქრა. ადგილზე მივიდა თბილისის მერობის კანდიდატი ენმ-დან, ნიკა მელია, რომელიც ამბობდა, რომ ელექტროენერგია ადგილზე გამიზნულდ ჩააქრეს.

აღნიშნულს არ დაეთანხმა “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ბექა დავითულიანი, რომელიც ასევე მივიდა ადგილზე. მისი თქმით, უბანში მოკლე ჩართვაა. დავითულიანის თქმით, მელია არჩევნებს აგებს და მისი ჩაშლა სურს.

მოკლე დროში ადგილზე მოხდა პირების მობილიზაცია, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ნიკა მელიას. ერთ-ერთმა მათგანმა მერობის კანდიდატს თავში ხელი ჩაარტყა.

“არ გავაყალბებინებთ არჩევნებს. შუქი ჩააქრეს, მთელი შპანა მოყარეს აქ ვითომ დეპუტატების მეთაურობით”, — თქვა მელიამ, რის შემდეგაც მის უკან უცნობი პირი გამოჩნდა და მელიას ხელი დაარტყა.

მასალების გადაბეჭდვის წესი