საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 41.35%-ია. რაოდენობრივად კი ამ დროისთვის უბნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 446 218 მოქალაქე გამოცხადდა.
შედარებისთვის, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დროის ამავე შუალედში ამომრჩეველთა აქტივობა 36.71%-ს შეადგენდა. მაშინ უბნებზე, 17:00 საათის მონაცემებით, 1 262 809 ადამიანი გამოცხადდა.
ყველაზე მაღალი აქტივობა რეგიონების მიხედვით რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება, სადაც უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 55.3% გამოცხადდა, ყველაზე დაბალი – 37.9 კი – ქვემო ქართლში.
რეგიონების მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მონაცემებით ასე გამოიყურება:
- აჭარა – 44.4%;
- გურია – 48.4%;
- თბილისი – 39.1%;
- იმერეთი – 42.1%;
- კახეთი – 42.5%;
- მცხეთა-მთიანეთი – 42.5%;
- რაჭა-ლეჩხუმი – 55.3%;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 42.4%;
- სამცხე-ჯავახეთი – 45.9%;
- ქვემო ქართლი – 37.9%;
- შიდა ქართლი – 39.6%.
საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით 20:00 საათზე დაიხურება და დაიწყება ხმების დათვლის პროცედურა.