ახალი ამბები

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნით, არჩევნები არ გაყალბებულა

26 ივლისი, 2021 • 1609
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნით, არჩევნები არ გაყალბებულა

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა.

კომისიის საქმიანობა დღეს ბოლო სხდომაზე შეაფასეს და საგამოძიებო კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები დაამტკიცეს. საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით დადგენილება პარლამენტმა 79 ხმით, 1-ის წინააღმდეგ მიიღო.

“არანაირი გაყალბება არ ფიქსირდება, იყო მხოლოდ მცირე ხარვეზები”, — განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ. მისი თქმით, კომისიამ გადათვალა 20 ყველაზე პრობლემური უბანი და 38 ადამიანისგან მიიღო ახსნა-განმარტება.

“საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ძირითადი თავისუფლებებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით. გამოიკვეთა რიგი ხარვეზები, კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან დაფიქსირდა პანდემიური და სტრესული გარემოდან გამომდინარე შეცდომები, რიგ შემთხვევაში — დაკისრებული მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულება, ხოლო რიგ შემთხვევაში — კომპეტენციის ნაკლებობა. მიუხედავად ამისა, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოვლენილ აღნიშნულ ხარვეზებს არსებითი გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს მიერ შემაჯამებელ ოქმში გამოქვეყნებული მონაცემები სრულფასოვნად ასახავს ამომრჩველის მიერ გამოხატულ თავისუფალ ნებას”, — განაცხადა გივი მიქანაძემ.

მიქანაძის თქმით, ზეწოლის, მუქარის, ამომრჩევლის მოსყიდვის ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყნების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეფასება გაკეთებული ჰქონდათ ვარაუდის დონეზე, კონკრეტული მტკიცებულების გარეშე.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ISFED-ის არასწორმა პარალელურმა დათვლამ 6 კვირის განმავლობაში პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა პოლიტიკური პროცესების ესკალაციაზე,  ქვეყანას რეპუტაციული ზიანი მიაყენა და შელახა ორგანიზაციის იმიჯი.

მიქანაძემ მოიყვანა NDI-ის კვლევა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბნებზე შემავიწროებელი და შემაშინებელი გარემო მხოლოდ 8%-ის აზრით იყო, რაც მიქანაძის თქმით, “მიუთითებს ასეთი გარემოს არარსებობაზე”.

გივი მიქანაძის თქმით, არჩევნებისას, სადაც დანაშაულის შესაძლო ნიშნები გამოიკვეთა, სამართალდაცმველების რეაგირება იყო მყისიერი, რაც გამოიხატა 180 სისხლის სამართლის საქმეში.

“თუმცა მნიშვნელოვანია, შესაბამისმა ორგანოებმა გამოძიება შეძლებისდაგვარად სწრაფად დაასრულონ”, — განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის საგამძიებო კომისიის წევრები გივი მიქანაძე, ალუდა ღუდუშაური, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია იყვნენ. ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კომისიის საქმიანობაში არ მონაწილეობდა.

ცნობისთვის, თანამდებობიდან გადამდგარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა მიერ დაშვებულ შეცდომებს, ასევე, ძირითადად უკავშირებდა კოვიდპანდემიას და სტრესს.

 

კომისია იმსჯელებს ცესკოს უფლებამოსილი პირების პასუხისმგებლობის დაყენებაზე — მიქანაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი