ახალი ამბები

“ენმ-ძალა ერთობაშია” პარლამენტში არ შედის

2 ნოემბერი, 2020 • 2211
“ენმ-ძალა ერთობაშია” პარლამენტში არ შედის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შესვლას არ აპირებს და არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ დღეს, 2 ნოემბერს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

“მას შემდეგ, რაც მთელმა ქვეყანამ ვიხილეთ, რომ ქვეყანაში არ ჩატარდა არჩევნები, ქვეყანაში არ იყო ნიშანწყალიც კი ჩატარებული არჩევნებისა, რა თქმა უნდა, ჩვენ, გაერთიანებულ ოპოზიციას, გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, მსგავსად სხვა ოპოზიციური პარტიებისა, რომ არ შევალთ იქ, რასაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან: პარლამენტში, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ეძახის პარლამენტს. ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება. ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი: ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში”, – თქვა ნიკა მელიამ.

ბოლო ორი დღის მანძილზე არაერთმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ არ აპირებს, შევიდეს პარლამენტში, ვინაიდან არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე ჩატარდა. მათ შორის არიან “ენმ-ძალა ერთობაშია”, “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “პატრიოტთა ალიანსი”, “ლეიბორისტული პარტია”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “მოქალაქეები”.

არჩევნებიდან მეორე დღეს ოპოზიციის ორგანიზებით ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც არჩევნების შედეგების გაბათილება მოითხოვეს. კიდევ ერთი აქცია კვირას, 8 ნოემბერს იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი