ახალი ამბები

ნათელაშვილი დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს

2 ნოემბერი, 2020 • 1204
ნათელაშვილი დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი უარს ამბობს დეპუტატის მანდატზე და მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან დღეს, 2 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“რუსეთის პრეზიდენტმა, ჩვენი ქვეყნის მთავარმა ოკუპანტმა პუტინმა, რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მეშვეობით და ჩვენი ვაჭარი თანამემამულეების ხელით თავზე დაგვამხო ქვეყანა და საპარლამენტო არჩევნები. ამ კენჭისყრის შედეგები არის არალეგიტიმური, უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი პარლამენტის შეკრება გახლავთ დაუშვებელი. იქ არავინ უნდა შევიდეს, არა მარტო ოპოზიცია, არამედ თუ შერჩენიათ თავმოყვარეობა, “ქართული ოცნების” წევრებიც. მათმა მაჟორიტარებმაც უარი უნდა თქვან ე.წ. მეორე ტურზე. ჩვენ [ლეიბორისტული პარტია] უარს ვამბობთ იმ მანდატებზე, რომელიც შედგა ჩვენი ხალხის ცოდვით, მაგრამ ეს უნდა იყოს საყოველთაო”, – განაცხადა ნათელაშილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შევა თუ არა პარტია პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუ ერთი პარტია მაინც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ნათელაშვილმა უპასუხა, რომ “ეს უნდა იყოს საყოველთაო გადაწყვეტილება” და “თუ არ იქნება ერთობა”, ნათელაშვილის თქმით, ამის დამრღვევებს ამხელენ “ისე, რომ ვერასდროს ვერ მოტრიალდებიან პოლიტიკაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი