ახალი ამბები | ,

„პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

2 ნოემბერი, 2020 | | 678
„პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

„პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი, გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ მათი პარტია საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და გამართავს მრავალათასიან საპროტესტო აქციებს მანამ, სანამ არჩევნები ბათილად არ გამოცხადდება. პატრიოტთა ალიანსი არ უერთდება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებს და აქციების გამართვას ცალკე, დამოუკიდებლად გეგმავს.

„ჩვენი პარტია უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. ოპოზიციასთან ერთად ჩვენ არაფერს განვიხილავთ, ეს ჩვენი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, გავაგრძელებთ ბრძოლას, ხმების დათვლას, არჩევნების ბათილად ცნობამდე. გვაქვს აქციების ადამიანური რესურსიც, გვიკეთებია ეს საქმე, კიდევ იხილავენ ასეთ პერმანენტულ აქციებს და არ შევჩერდებით, სანამ არ მივაღწევთ სამართლიანობის აღდგენას, არჩევნების შედეგების გაბათილებას. ოპოზიციის აქციებს ჩვენ არ შევუერთდებით, არც არავითარ ალიანსს არ განვიხილავთ ნაციონალურ მოძრაობასთან და მით უფრო, მათთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ძალებთან“, – ამბობს გოჩა თევდორაძე “ბათუმელებთან” საუბარში.

„პატრიოტთა ალიანსმა“ არჩევნებზე ხმათა 3,14% მიიღო, რაც ნიშნავს, რომ 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვეს: ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ, გოჩა თევდორაძემ და ავთანდილ ენუქიძემ.

დანარჩენი პარტიების მიღებული ხმები კი ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ – 48,15 %;

„ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,14%;

„ევროპული საქართველო“ – 3.78%;

„ლელო“ – 3,15%;

„სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %;

„გირჩი“ – 2,89%;

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%;

„ლეიბორისტული პარტია“ – 1%.

მასალების გადაბეჭდვის წესი