ახალი ამბები

ბოკოვის საქმე: საქართველო რუსეთთან ხისტ რიტორიკაზე ჯერ უარს ამბობს

18 ივნისი, 2020 • 2118
ბოკოვის საქმე: საქართველო რუსეთთან ხისტ რიტორიკაზე ჯერ უარს ამბობს

შეუძლია თუ არა საქართველოს მოქალაქეს, განურჩევლად მისი პოლიტიკური გემოვნებისა, ჰქონდეს სახელმწიფოს იმედი, როდესაც საფრთხე რუსეთის ფედერაციიდან დაემუქრება? ამ კითხვაზე ვასამბეგ ბოკოვის საქმე მეტ-ნაკლებად გასცემს პასუხს გამოძიების დასრულების შემდეგ. მანამდე ხელისუფლების უმაღლესი პირები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ “ვერ შეიტყუებენ” რუსეთის ფედერაციისადმი აგრესიულ რიტორიკაში. რა რეაქცია აქვს და უნდა ჰქონდეს საქართველოს დღეს არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ბოკოვის მისიის კვალი რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნებთან, კერძოდ, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვთან მიდის?

რა ვიცით ვასამბეგ ბოკოვის დაკავებაზე?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 ივნისს, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ყალბი დოკუმენტების შეძენა/შენახვა/გამოყენების ბრალდებით დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი.  სამი დღის შემდეგ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მედიამ გაავრცელა ცნობები დაკავებულის სავარაუდო გაზრახვაზე – ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის დაკვეთით მოეკლა ჟურნალისტი გიორგი გაბუნია – 15 ივნისს სუს-მა დაადასტურა გამოძიების მიმდინარეობა “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”.  17 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თქვა, რომ “მასმედიის საშუალებებში თემის განხილვის დროს, რიგ შემთხვევებში, კეთდება ისეთი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც არც ფაქტობრივ გარემოებებზეა დაფუძნებული და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, აზიანებს გამოძიების ინტერესებს”. სუსს არც მეორე განცხადებაში დაუკონკრეტებია, გამოძიების ვერსიით, იყო თუ არა ტელეწამყვანი გაბუნია  ბოკოვის სამიზნე, ან ჰქონდა თუ არა მის გაზრახვას კავშირი ჩეჩნეთის ლიდერთან, თუმცა ჟურნალისტზე თავდასხმის მომზადების კონტექსტში გამოეხმაურნენ საკითხს საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების პირები, რითაც გარკვეულწილად დაადასტურეს მედიით გავრცელებული ინფორმაცია.

“მთავარი ახრის” დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, მკვლელობის მომზადების მიზეზი იყო გასული წლის ივლისში გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინება. გვარამია აღნიშნავს, რომ ბოკოვის შესახებ ქართულმა მხარემ ინფორმაცია უკრაინული სამართალდამცავი უწყებისგან მიიღო, სადაც თავდაპირველად დაიწყო გამოძიება. ამასვე ამბობს უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო:

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველ ჟურნალისტზე, რომელმაც პუტინი შეურაცხყო, რამზან კადიროვის ბრძანებით მზადდებოდა ლიკვიდაცია. ეს არ მოხდა, რადგან უკრაინულმა სპეცსამსახურებმა გააფრთხილეს ქართველი კოლეგები”.

ნიკა გვარამიას ცნობითვე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია სერიოზულად არ მიიღო და უკრაინაში ქართული დიდი ლობის პროვოკაციად ჩათვალა, მაინც გააძლიერა კონტროლი გაბუნიას გადაადგილებაზე.

ხელისუფლების რეაქცია და ოპოზიციის კრიტიკა

 

“საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების რეაქცია ბოკოვის საქმეზე შედარებით დაგვიანებული და რბილი იყო, ვიდრე თვითონ გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინებაზე. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ერთ-ერთი პირველი, რომელმაც 2019 წლის 8 ივლისს გავრცელებული განცხადებით დაგმო გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის პირდაპირ ეთერში გინება და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, სათანადო შეფასება მიეცა კერძო ტელეკომპანიის ჟურნალისტის საქციელისთვის, დღეს ამბობს, რომ აუცილებელია დადგინდეს, თუ ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია. 

ანალოგიური განცხადება გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკაძემაც:

“აუცილებლად უნდა დადგინდეს, თუ კონკრეტულად ვის ინტერესებში იყო ამ დანაშაულის ორგანიზება და მისი შედეგები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა, მაღალი ალბათობით, გამოიწვევდა საქართველოსა და მისი ხელისუფლების საერთაშორისო დისკრედიტაციას”.

გამოძიების დასრულებამდე შეფასებები პოლიტიკურ სპეკულაციად მიიჩნია პრემიერმა გიორგი გახარიამ.

დესტაბილიზაციის მიზნის აღკვეთაზე ისაუბრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადებაში, რომელშიც რუსეთი არ უხსენებია. მეორე დღეს მან მედიას უთხრა, რომ “ვერ გამოიტყუებენ, ვინმეს დაადოს თითი”.

“ცოტა პასუხისმგებლობით ვისაუბროთ, მე ვარ ქვეყნის პრეზდენტი და არ მაქვს უფლება, რომელიმე ქვეყანა დავადანაშაულო, სანამ ჩვენ არ გვეცოდინება გამოძიების პასუხებით, რა მოხდა და როგორ მოხდა“, – თქვა მან.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კრიმინალური დანაშაული საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას უნდა მომსახურებოდა, თუმცა ამ დესტაბილიზაციაში დაინტერესებულ ძალად თვლიან არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციას, არამედ შიდა ოპოზიციასაც.

კითხვაზე, თუ ვის აწყობდა ამ დანაშაულის ჩადენა, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ქვეყნის გარეთ ეს აწყობდა “იმ სახელმწიფოს, რომელიც დაპირისპირებულია საქართველოს პრინციპულ ინტერესებთან”, ხოლო ქვეყნის შიგნით – “რადიკალურ ოპოზიციას, ვისაც შეიძლება აწყობდეს რადიკალური სცენარები”. 

საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციის გეგმაზე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საგანგაშოდ მიიჩნევს სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ “პრემიერის, პრეზიდენტისა თუ სხვების განცხადებები ქვეყნის შიგნით ოპოზიციის წინააღმდეგ იყო მიმართული და არცერთ მათგანს ვლადიმერ პუტინის რეჟიმი არ უხსენებია”.

“თუ ისეთი ვითარებაა, რომ გამოძიება გრძელდება და ხელისუფლებისთვის შესაფერისი დრო არ არის, თქვას, რომ ამ საქმეში შესაძლოა ჩართულები იყვნენ რუსეთის რეჟიმის წარმომადგენლები, კადიროვი ან ვინმე სხვა, მაშინ ოპონენტების წინააღმდეგ განცხადებებს რატომ აკეთებენ? როცა ხელისუფლება ასეთ აშკარა შემთხვევაში არ აძლევს- არც თავის დროზე, არც ახლა -საჯარო რეაქციას კადიროვის მხრიდან პირდაპირ მუქარას ჩვენი მოქალაქის შესაძლო მკვლელობასთან დაკავშირებით, თუკი ასეთ დროს, როცა დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, საერთაშორისო ასპარეზზეც კი არ ტეხ განგაშს, ეს მარტო გაბუნიათვის კი არა, მომავალში ყველა ჩვენი მოქალაქისთვის ზრდის რისკს, რომ პუტინის რეჟიმი კვლავ წავა ტერაქტზე, თუკი პოლიტიკურ ფასსაც კი არ ახდევინებ”, – მიიჩნევს ბოკერია.

“ბოკოვის საქმეზე” რიტორიკის გამო აკრიტიკებს  ხელისუფლებას “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძეც. მისი თქმით, „ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს თავის მოქალაქეს,  ვერ პასუხობს ქართველებისთვის ღირსების დამამცირებელ პირდაპირ მუქარას ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლისგან, ოკუპანტი ქვეყნის გეგმების გამტარებელი და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედია”.

ხელისუფლების რეაქცია გააკრიტიკა თითქმის ყველა ოპოზიციურმა ლიდერმა.  ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ მამუკა მდინარაძის პირით განაცხადა, რომ არ აპირებს ოპოზიციას რიტორიკაში შეჰყვეს და უშედეგო აგრესიული რიტორიკა დაიწყოს, რასაც ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგთან არანაირი შემხებლობა არ ექნება. 

საქართველოს პრეზიდენტმა და თბილისის მერმა უარი განაცხადეს, ეპასუხათ რამზან კადიროვის უკვე მეორე, მუქარანარევი გაფრთხილებისთვის გიორგი გაბუნიასადმი.

რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა უარყო ბრალდება, რომლის მიხედვითაც, თბილისში დაკავებული რუსეთის მოქალაქეს სწორედ მან დაავალა ჟურნალისტის ლიკვიდაცია. თუმცა გაბუნიას “სწორი დასკვნების გაკეთებისა და ჭკუაზე მოსვლისკენ” მოუწოდა და თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჟურნალისტი გახდება კადიროვის პირადი მტერი. რას ნიშნავს კადიროვის მტრობა, გასაგები გახდება, თუ გადავხედავთ ჩეჩნეთის ლიდერისთვის არასასურველი პირების ლიკვიდაციისა და გაუჩინარების შემთხვევებს.

რამზან კადიროვის გამონათქვამებს “აბრაგულ-ვაჟკაცურ-განგსტერულ-დიდაქტიკური” უწოდა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

“ეს თემა არ არის ასეთი ადვილი და უბრალო. ჩვენ ვერ შევცვლით ვერც კადიროვის რიტორიკას, ვერც გაბუნიას რიტორიკას. იმას სულ არ აინტერესებს არც “ნაციონალური მოძრაობა”, არც “ქართული ოცნება”, იმას აინტერესებს დესტაბილიზაცია და ამ დესტაბილიზაციაში, რასაკვირველია, “ნაციონალური მოძრაობა” უფრო უწყობს ხელს”, – თქვა მან.

ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობის არ სჯერა და შეთქმულების თეორიას უწოდებს GIPA-ს ასოცირებული პროფესორი და საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე.

“ყველას აქვს თავისი შეხედულება, მაგრამ მე არ მჯერა ასეთი ტიპის შეფასებების რეალობასთან შესაბამისობის. თუკი ვინმეს ოდნავ მაინც ეჭვი აქვს, რომ ვინმე ქვეყნის შიგნით შეიძლება, გარეული ყოფილიყო პიროვნების სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში, ამისთვის არსებობს სამართალდამცველი ორგანოები, რომელთაც დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია”.

“ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ოპოზიციიდან მომდინარე გადატრიალების საფრთხეზე არაერთი გამოძიება დაწყებულა, თუმცა 4-დან 3 ასეთი საქმე (გარდა, 2019 წლის 20 ივნისისა), თაროზე დარჩა.

ჭიკაიძიდან გახარიამდე – ამბოხება/გადატრიალების საქმეების სპირალი

“საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველი ირაკლი სირბილაძე მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, კვლავაც მოსალოდნელია პოლიტიკური პარტიების მიერ ბოკოვის საქმის საკუთარი პარტიული დღის წესრიგის შესაბამისად ინტერპრეტაცია.

“თუმცა, რადგან საკითხი სახელმწიფო მნიშვნელობისაა – ეხება რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ საკმაოდ რთულ ურთიერთობებს – მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა, უპირველეს ყოვლისა, სუს-მა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუკერძოებლად და ეროვნული ინტერესის შესაბამისად გამოიძიონ საქმე და შეიმუშავონ შესაბამისი საპასუხო ზომები. საკითხზე პარტიული პოლარიზაციის თავიდან აცილების საუკეთესო გზა შეიძლება იყოს გამოძიების შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულება და საქმის ირგვლივ არსებული დეტალების საზოგადოებისთვის გაცნობა. საწყის ეტაპზე ეს შეიძლება იყოს ოფიციალურად იმის დადასტურება, თუ ვინ იყო მკვლელობის სამიზნე, რაც ამ მხრივ არსებულ გაურკვევლობას მოხსნის”, – უთხრა “ნეტგაზეთს” სირბილაძემ.

რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ?

 

გამოძიების შეძლებისდაგვარად სწრაფად წარმართვის აუცილებლობაზე საუბრობს თენგიზ ფხალაძეც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მსჯელობა წარიმართოს არა ეჭვებზე,  არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და აქედან გამომდინარე მოითხოვოს თბილისმა სერიოზული საერთაშორისო რეაგირება.

“როდესაც საქართველოს მოქალაქეს ემუქრება საფრთხე უცხო ქვეყნიდან, ასეთ შემთხვევაში ძალიან მკაცრი გაკიცხვის საგანი უნდა გახდეს თავად ის სახლემწიფო, რომელიც ამგვარ მუქარას ქმნის. რუსეთის ფედერაცია ისედაც ცნობილია მსგავსი ქცევებით და კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ხმა აიმაღლოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ტერორიზმის მფარველობაზე. ეს აქსიომაა – ოკუპანტს ოკუპანტი უნდა უწოდო, მკვლელს – მკვლელი, ტერორისტს – ტერორისტი და დამნაშავეს – დამნაშავე, ამიტომ აქ შეფასებები უნდა იყოს ძალიან მკაფიო”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ფხალაძემ.

დღეს არსებული სამართლებრივი სურათი ბოკოვის საქმეზე საზოგადოებისთვის ბუნდოვანია. სუს-ი ამბობს, რომ “გახმოვანდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც, მათი თვალთახედვით, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო საზოგადოების სწორი ინფორმირებისთვის და არ დატოვებდა სივრცეს მანიპულირებისთვის”. სუს-ის მიერ გასავრცელებლად “საჭიროდ მიჩნეული” ინფორმაცია, შესაძლოა, არ იძლევა უშუალოდ რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნების დადანაშაულების საფუძველს, თუმცა ფაქტად რჩება კადიროვის ირიბი მუქარა და ის, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქეა. 

“გამიკვირდებოდა, კადიროვს ეთქვა, მე მინდოდა [გაბუნიას] მოკვლა და არ გამომივიდაო. მაგრამ ზოგადად კადიროვი რომ ემუქრება საქართველოს მოქალაქეს, ეს უკვე პრობლემაა და რეაგირებას ითხოვს, ვინაიდან ის არ არის უბრალოდ ტერორისტი. ტერორისტია, მაგრამ იმავდროულად არის ოფიციალური პირი. ამიტომ ასეთი ადმაიანების განცხადება არ არის მხოლოდ ცალკეული პირების განცხადება და მას განსაკუთრებით მკაცრი შეფასება და რეაგირება სჭირდება”, – ამბობს ფხალაძე.

ირაკლი სირბილაძის აზრით, შეკვეთილი მკვლელობისთვის დაკავებული რუსეთის მოქალაქის საქმეს, ორი ურთიერთდაკავშირებული (სამართლებრივი და პოლიტიკური) განზომილება აქვს. საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველი ამბობს, რომ სამართლებრივად და გამოძიების თვალსაზრისით მოკავშირეების ჩართვის საჭიროებას ვერ შეაფასებს, თუმცა პოლიტიკურ დონეზე აუცილებლად მიაჩნია თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტიორებთან და ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც უახლოეს წარსულში, მსგავს გარემოებებში, რუსეთის საგარეო პოლიტიკის სამიზნე გახდნენ: გაერთიანებული სამეფოსთან, გერმანიასთან და ჩეხეთთან.

“პოლიტიკური თანამშრომლობა შეიძლება შედგეს ერთობლივი განცხადებითა და სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკური მიზნების მხილებით… ჯერჯერობით სამართლებრივი განზომილება წინ უსწრებს პოლიტიკურს იმ თვალსაზრისით, რომ ვიდრე საგამოძიებო უწყებები მაღალი სიზუსტით და სამხილებზე დაყრდნობით არ დაადგენენ გარემოებებს, რთული ხდება რომელიმე ქვეყნის ან ამ ქვეყნის მაღალჩინოსნის ღიად დადანაშაულება შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში – აქამდე მკაცრი პოლიტიკური შეფასებებისგან თავშეკავებაც სწორედ ამით აიხსნება. ამ მხრივ გასახსენებელია სკრიპალების მკვლელობის მცდელობის შემთხვევა, სადაც რუსეთი დეზინფორმაციის კამპანიების გამოყენებით მუდმივად ეჭვქვეშ აყენებდა გამოძიების შედეგებს და ბრიტანეთს ფაქტების ნაკლებობაში ადანაშაულებდა. რადგან რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფს მკვლელობის მცდელობის ფაქტს, საქართველოს გამოწვევაა სამართლებრივად ნათლად იყოს გამოკვეთილი რუსეთის მაღალჩინოსნების მხრიდან შესაძლო განზარხვა/დაკვეთა. ასეთის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, თავდაჯერებული და შესაბამისად, მკაცრი იყოს რუსეთის როლის პოლიტიკურ შეფასებაში”, – მიიჩნევს სირბილაძე.

მისი თქმით, თუ კი კადიროვის მხრიდან ქართველი ჟურნალისტის ლიკვიდაციის განზრახვა დადასტურდება, საქართველო შეუერთდება იმ ქვეყნების რიგებს ვისთან მიმართებითაც რუსეთმა შეკვეთით პოლიტიკური მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის გზა გამოიყენა – სხვადასხვა ქვეყნებში რუსეთის მიზნები განსხვავებული იყო, ხოლო აღნიშნული ქვეყნების რეაგირება ფორმით მსგავსი (რუსი დიპლომატების გაძევება), თუმცა მასშტაბითა და პოლიტიკური რიტორიკის სიხისტით სხვადასხვა.

მაშინ, როდესაც სკრიპალების მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში საქართველო შეურთდა საერთაშორისო თანამეგობრობას და ქვეყნიდან გააძევა რუსი დიპლომატი, თბილისს, ფაქტობრივად, ნულოვანი რეაგირება ჰქონდა გერმანიაში ეთნიკურად ჩეჩენი საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე, რომლის კვალიც, გერმანიის საგამოძიებო უწყებების ცნობით, რუსეთამდე მიდის.

ირაკლი სირბილაძე საქართველოს უმოქმედობას ამ საკითხში პარადოქსულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს მეტწილად განპირობებული იყო გერმანიის პასიურობით, არ მოეხდინა საკითხის ზედმეტი პოლიტიზირება, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების დაშვებით, რომ ამ საკითხზე ხაზგასმით საფრთხე შეექმნებოდა რუსეთთან ურთიერთობებს.

გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში კი დასავლეთის სახელმწიფოების და მათი მოკავშირეების მკაცრი რეაგირება, სირბილაძის აზრით, განპირობებული იყო, ერთი მხრივ იმით, რომ ეს რუსეთის ხისტი საგარეო პოლიტიკის გამოვლინება იყო, თუმცა ასევე იმითაც, რომ რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენებით შეეცადა საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევას, რაც საფრთხეს უქმნიდა ქიმიური იარაღის აკრძალვის ნორმას.

“თუმცა, რეაგირების თვალსაზრისით, ახლანდელ შემთხვევაში ვითარება შეიძლება შეცვალოს იმ ფაქტმა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ცდილობდა ცნობილი ადგილობრივი ჟურნალისტის მკვლელობას – ეს გარდა იმისა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს უპატივცემულობაა, ასევე ძირს უთხრის ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეებზე ავრცელებს რუსეთის შიგნით პოლიტიკური ბრძოლის უკვე აპრობირებულ მეთოდს – განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური ლიდერის კრიტიკის გამო ადამიანის მკვლელობა”, – ამბობს სირბილაძე.

რუსი მაღალჩინოსნების მიერ  მკვლელობის შეკვეთის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სირბილაძე ვარაუდობს, რომ საქართველო, მოკავშირეებთან ერთად, საკითხს საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენებს, ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციებში გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების დონეზე. პრაქტიკული ნაბიჯების თვალსაზრისით კი, ასევე შესაძლებლად მიიჩნევს საქართველოდან კიდევ ერთი რუსი დიპლომატის გაძევებას, რაც რუსეთის მსგავსი ქმედებების საპასუხოდ გავრცელებული საერთაშორისო პრაქტიკა გახდა.

საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით?

მასალების გადაბეჭდვის წესი