ახალი ამბები

საქართველომ რუსეთს მოუგო „განგრძობითი ოკუპაციის“ საქმე სტრასბურგის სასამართლოში

9 აპრილი, 2024 • 820
საქართველომ რუსეთს მოუგო „განგრძობითი ოკუპაციის“ საქმე სტრასბურგის სასამართლოში

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება მეოთხე სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომელიც ეხება ადმინისტრაციული საზღვრების „ბორდერიზაციას“ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ.

საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილი მე-4 სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ეხებოდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობისა და ამგვარი ფაქტებისადმი რუსეთის ოფიციალური შემწყნარებლობის ადმინისტრაციულ პრაქტიკას.

პალატის დღევანდელ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევა:

  • სიცოცხლის უფლება (მუხლი 2);
  • არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის (წამების) აკრძალვა (მუხლი 3);
  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლის პირველი ნაწილი);
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მუხლი 8).

გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი (საკუთრების დაცვა) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლების და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლის (მიმოსვლის თავისუფლება) დარღვევებს.

საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ ადამიანები მოკლეს აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში შესვლის ან გასვლის მცდელობისას, ხოლო სხვები დააკავეს და/ან არასათანადოდ მოეპყრნენ ადმინისტრაციული საზღვრის „არალეგალურად გადაკვეთისთვის“; ხალხს წაართვეს მიწა, ოჯახები დააშორეს ერთმანეთს და ბავშვებს აიძულებდნენ რუსულ ენაზე სწავლას.

სასამართლომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები, — მსხვერპლთა სიები, ჩვენებები, მედიის ანგარიშები და საერთაშორისო მასალები, — რათა დაესკვნა, რომ სავარაუდო ინციდენტები არ იყო იზოლირებული და იყო საკმარისად მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაკავშირებული, რათა დარღვევების სისტემურობა აჩვენოს.

„უფრო მეტიც, ინციდენტებზე ეფექტური გამოძიების აშკარა ნაკლებობა და ზომების ზოგადი გამოყენება ყველა დაინტერესებული პირის მიმართ ამტკიცებდა, რომ რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად იყო ტოლერანტული მსგავსი პრაქტიკის შესახებ“, — მიიჩნევს სასამართლო.

საქართველო ასევე ითხოვდა დარღვევის დადგენას კიდევ სამი მუხლში: მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-18 (უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არ არის საჭირო იმის შემოწმება, დაირღვა თუ არა კონვენციის მე-13, მე-14, მე-18 და 38-ე (საქმის განხილვა) მუხლები;

სასამართლომ თქვა, რომ 41-ე მუხლის (სამართლიანი დაკმაყოფილება), ე.ი. კომპენსაციის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად მზად არაა.

აღნიშნული საქმე მეოთხეა, რომელიც საქართველოს სახელით რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში გაიგზავნა. მათგან ორზე გადაწყვეტილება უკვე გამოცხადებულია.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2019 წლის 31 იანვარს გამოაცხადა გადაწყვეტილება და რუსეთის ფედერაციას დააკისრა 10 000 000 ევროს გადახდა იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რაც 2006 წელს რუსეთიდან 1 500 ადამიანის დეპორტაციას უკავშირდება.

სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებები ეთნიკური ნიშნით ქართველების გაძევებასთან დაკავშირებით სანდოა და 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრების და გამოძევების კოორდინირებული პოლიტიკა, რომელიც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას.

გადახდის ბოლო ვადად 2019 წლის 30 აპრილი განისაზღვრა, თუმცა რუსეთის ფედერაციას ეს თანხა დღემდე არ გადაუხდია.

2021 წლის 1 იანვარს გამოცხადდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) დიდი პალატის გადაწყვეტილება აგვისტოს ომის სახელმწიფოთაშორის დავაზე „საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ”. სასამართლომ დიდწილად გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის ფედერაციის მიერ კონვენციის ისეთი მუხლების დარღვევა, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, გადაადგილების თავისუფლება, ასევე თქვა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია პროცედურულ დარღვევებზეც, ვერ უზრუნველყო რა ეფექტიანი გამოძიება და სასამართლოსთან თანამშრომლობა.

რაც შეეხება მესამე საქმეს, საჩივარი ეხებოდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებების მიერ 4 ქართველი არასრულწლოვანის დაკავებას. სასამართლომ საქმის განხილვა 2010 წელს  შეწყვიტა, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების შეტყობინების საფუძველზე, რომ დაკავებულები უკვე გათავისუფლებული იყვნენ და საქმის გაგრძელების საჭიროება არ არსებობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი