საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, სუს-მა “გამოიჩინა უმაღლესი პროფესიონალიზმი და ქვეყანას თავიდან ააცილა უმძიმესი დანაშაული, რომელიც, სავარაუდოდ, მიმართული იყო არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისკენ, არამედ მიზნად ისახავდა მძიმე შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის”.
“ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის სიცოცოხლის ხელყოფის მცდელობა. სახელმწიფო იცავს თოთოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლებას და კანონის უზენაესობას. ველოდებით გამოძიების შედეგებს. აუცილებელელია დადგინდეს, თუ ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების, უსაფრთხოების დაცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ქვეყანა, როგორც დემოკრატიული პრინციპების გარანტორი, აუცილებლად უზრუნველყოფს ამას”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ “ნეტგაზეთის” კითხვის პასუხად გამოგზავნილ წერილობით კომენტარში.
გუშინ, 15 ივნისს, ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიამ გუშინვე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც გასულ წელს გაბუნიას პუტინის გინების გამო გადამალვა ურჩია.
გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, თავი შეიკავონ “დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.
გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში 2019 წელს მონოლოგისას ვლადიმირ პუტინს რუსულად შეაგინა. აღნიშნული რამდენიმე საათში დაგმეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა თანამდებობის პირებმა.
საგარეო საქმეთა სამინიტრო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 2019 წლის 8 ივლისს გავრცელებული განცხადებით დაგმო და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისკენ მიმართულ ქმედებად შეაფასა “რუსთავი 2”-ის წამყვან გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინება პირდაპირ ეთერში.
“მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს, რომელმაც უხეშად უგულველყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები”, – აცხადებდა საქართველოს საგარეო უწყება.
თბილისში დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა – “მთავარი არხი”