ახალი ამბები

კადიროვი გაბუნიაზე: თუ ვინმე ჩემი მითითებით მოქმედებს, ასრულებს კიდეც

17 ივნისი, 2020 • 2516
კადიროვი გაბუნიაზე: თუ ვინმე ჩემი მითითებით მოქმედებს, ასრულებს კიდეც

რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი უარყოფს ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, თბილისში დაკავებული რუსეთის მოქალაქეს სწორედ მისგან ჰქონდა დავალებული ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია.

“ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი მითითებით მოქმედებს, ასრულებს კიდეც”, – RIA-ს ცნობით, კადიროვმა ამის შესახებ განცხადება ტელეგრამით გაავრცელა.

როგორც რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალება წერს, კადიროვი აღნიშნულ ბრალდებას საქართველოს ხელისუფლების სპეკულაციად მიიჩნევს.

“თუ დავალება უნდა შესრულდეს ჩუმად, ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებს, მით უმეტეს, სტაგნაციის პირობებში მყოფ თქვენს ქვეყანაში”, – აცხადებს კადიროვი და დასძენს, რომ გიორგი გაბუნიამ პუტინის გინებით რუსი ერი შეურაცხყო და ის საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტის წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

კადიროვმა გიორგი გაბუნიას ასევე “სწორი დასკვნების გაკეთებისა და ჭკუაზე მოსვლისკენ” მოუწოდა. ის ასევე აცხადებს, რომ პუტინის გინებით პირადად დარჩა შეურაცხყოფილი და გაბუნიას გინება “რუსეთში არ დავიწყებიათ”.


15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას. გვარამიამ გუშინვე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც გასულ წელს პუტინის გინების გამო გაბუნიას გადამალვა ურჩია.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუსის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, თავი შეიკავონ “დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში 2019 წელს მონოლოგისას ვლადიმირ პუტინს რუსულად შეაგინა. აღნიშნული რამდენიმე საათში დაგმეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა თანამდებობის პირებმა. მათ მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი