გაბუნიამ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა, გვარამიასთვის ეს მიუღებელია

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ თავისი გადაცემა რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა თავის მიმართვაში ასევე გინებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც. ტელეწამყვანის ამ გადაწყვეტილებას არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ფეისბუქლაივით გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ავად იყო, ამის მიუხედავად მიდის სამსახურში და სათანადო განმარტებებს გააკეთებს „კვირის აქცენტებში“, მანამდე კი ნიკა გვარამიამ თქვა:

„იმის გამო, რაც გიორგი გაბუნიამ თავის საავტორო გადაცემაში, ტექსტში თქვა, ამის შემდეგ მე ვფიქრობ, რომ საჭიროა არხის სახელით ახსნა განმარტებების გაკეთება… ვიდრე აქცენტებში დავაფიქსირებ აქაც აუცილებლად მინდა გითხრათ, არ ვაპირებ პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას, ვიზიარებ პათოსს, ზოგადად, მაგრამ მიმაჩნია, რომ მშვენივრად შეიძლებოდა ამ დამოკიდებულების ჩატევა ორ სიტყვაში, რომელიც ჩვენი აქციის წევრები ამ დღეების განმავლობაში გააკეთეს – და იმღერეს „პუტინ ხუილო“…

კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, ეს არ არის არხის დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაბუნიას საავტორო პოზიციაა, არხი მაინც გამოთქვამს თავის უკმაყოფილებას ამგვარი ფორმით აზრის მოწოდებაზე და არ იწონებს ამგვარ განცხადებებს. რადიკალური შეფასება არ გულისხმობს გულისამრევ ბილწისტყვაობას და ეს არ არის დასაშვები“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან