ახალი ამბები

ჟურნალისტის მიმართ ანგარიშსწორების უფლებას არავის მივცემთ – თალაკვაძე

16 ივნისი, 2020 • 1406
ჟურნალისტის მიმართ ანგარიშსწორების უფლებას არავის მივცემთ – თალაკვაძე

“ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება და თავდასხმის ორგანიზება ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენს ქვეყანაში არავის მივცემთ ამის უფლებას”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროფესიონალურად იმუშავა და მძიმე დანაშაული აღკვეთა, რომელიც, სავარაუდოდ, ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების და მედიისა და ჟურნალისტის საქმიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული. სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების პატივისცემით – იცავს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

გამოძიება გრძელდება და აუცილებლად უნდა დადგინდეს, თუ კონკრეტულად ვის ინტერესებში იყო ამ დანაშაულის ორგანიზება და მისი შედეგები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა, მაღალი ალბათობით, გამოიწვევდა საქართველოსა და მისი ხელისუფლების საერთაშორისო დისკრედიტაციას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სუს-ს მადლობას უხდიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ კრიმინალური დანაშაული საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას უნდა მომსახურებოდა.

რუსეთის მოქალაქის მიერ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ საქართველოს მთავრობაში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.


გუშინ, 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიამ გუშინვე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც გასულ წელს გაბუნიას პუტინის გინების გამო გადამალვა ურჩია.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, თავი შეიკავონ “დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში 2019 წელს მონოლოგისას ვლადიმირ პუტინს რუსულად შეაგინა. აღნიშნული რამდენიმე საათში დაგმეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა თანამდებობის პირებმა. მათ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდეს, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი