ახალი ამბები

საქსტატი: საქართველოს მოსახლეობა 1.1 პროცენტით შემცირდა

26 აპრილი, 2024 • 841
საქსტატი: საქართველოს მოსახლეობა 1.1 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 1 იანვრისთვის წინა წელთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა 1.1 პროცენტით შემცირდა და 3 684 600 ადამიანი შეადგინა.

საქსტატი აღნიშნავს, რომ განახლებული მონაცემების მიხედვით, 2023 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და ასევე უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207) დაფიქსირდა.

სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.0 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.5 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.3 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.2 პროცენტს.

განახლებული მონაცემებით, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 774.5 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 920.1 ათასი. ამასთან, მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცია, ხოლო 52 პროცენტი – ქალი.

სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. საქსტატში აღნიშნავენ, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

ამასთან, საქსტატის ცნობით, წინა წელთან შედარებით, 2023 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75.0 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.6 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.4 წელი.

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი