ახალი ამბები

“დესტაბილიზაციის შექმნას უნდა მომსახურებოდა” – დეპუტატები გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე

16 ივნისი, 2020 • 1322
“დესტაბილიზაციის შექმნას უნდა მომსახურებოდა” – დეპუტატები გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საკითხს ეხმაურებიან.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ კრიმინალური დანაშაული საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას უნდა მომსახურებოდა.

“ვფიქრობ, რომ ეს კრიმინალური დანაშაული მნიშვნელოვანწილად უნდა მომსახურებოდა გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნას საქართველოში – იქ რუსული თემა წამოიწეოდა, იქ გაბუნიას მიმართ კრიტიკული გამონათქვამებიც ბევრი წამოვიდოდა მარცხნიდან და მარჯვნიდან და შემდეგ დასკვნების გაკეთებაც არ ეზარება ოპონენტების გარკვეულ ჯგუფს. მადლობა უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს ოპერაცია ჩაატარა და გამოავლინა ასეთი ბოროტი განზრახვა, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს, არამედ საერთოდ, საქართველოში შეიძლება გამხდარიყო გარკვეული შეხლა-შემოხლის და დესტაბილიზაციის წინაპირობა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ და დასძინა, რომ როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს კონკრეტული ადამიანების მიმართ, “სიცოცხლის წართმევა არის არა მარტო ცოდვა, არამედ კრიმინალური დანაშაული”.

მადლობას უხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დეპუტატი რატი იონათამიშვილიც.

“პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა უსაფრთხოების სამსახურს, რომ მოსალოდნელი საფრთხე თავიდან იქნა აცილებული ყოველგვარი პომპეზურობისა და აფიშირების გარეშე. უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია და პროფესიონალიზმი სწორედ ეს არის, რომ საზოგადოების დაზაფვრის გარეშე მოხდეს დანაშაულის აღკვეთა. მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და გამოძიება დაადგენს, ვის ინტერესში იყო და რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული დანაშაულის დაგეგმვა”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია კითხვაზე, როგორ გადმოკვეთა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვმა საზღვარი, პასუხობს, რომ “დღევანდელი მსოფლიო, სამწუხაროდ, არის მოწყვლადი ასეთი ტიპის ადამიანების მიმართ და საქართველოც გამონაკლისი არ არის”, რასაც სამწუხარო ფაქტს უწოდებს.

“მართალი გითხრათ, არ ვიცი ეს საკითხი ბოლომდე. ისტერია თავად გაბუნიასაც არ დაუკლია არავის მიმართ, ამიტომ ვერ გეტყვით, აქ რასთან გვაქვს საქმე. ეს ისეთი თემაა, ყველა ინფორმაცია თუ არ გაქვს, დასკვნის გაკეთება ძნელია და ამ ეტაპზე თავს შევიკავებ”, – დასძინა კაკულიამ.

რუსეთის მოქალაქის მიერ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ საქართველოს მთავრობაში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.


გუშინ, 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას. გვარამიამ გუშინვე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც გასულ წელს გაბუნიას პუტინის გინების გამო  გადამალვა ურჩია.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, თავი შეიკავონ “დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში 2019 წელს მონოლოგისას ვლადიმირ პუტინს რუსულად შეაგინა. აღნიშნული რამდენიმე საათში დაგმეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა თანამდებობის პირებმა. მათ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდეს, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცათ.

საქართველოს უმაღლესო თანამდებობის პირებს ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ რაიმე სახის განცხადება გიორგი გაბუნიას შესაძლო დაგეგმილი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი