ახალი ამბები

დესტრუქციული მიზანი ვერ იქნა მიღწეული – პრეზიდენტი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე

16 ივნისი, 2020 • 1472
დესტრუქციული მიზანი ვერ იქნა მიღწეული – პრეზიდენტი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, “მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმე პროვოკაციული ქმედებაა და მიმართულია ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ. ამის შესახებ განცხადება ზურაბიშვილმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა.

“ადამიანი და მისი სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, მადლობას მოვახსენებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც შეძლო დროულად და უმაღლესი პროფესიონალიზმით აღეკვეთა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. ამავდროულად, ვაცნობიერებთ, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ და პროვოკაციულ ქმედებასთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, ეპიდემიასთან ეფექტიანი ბრძოლა და შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება ბევრს შეიძლება აღიზიანებს, თუმცა ასეთი დესტრუქციული მიზანი ვერ იქნა რეალიზებული.

დესტაბილიზაციის ნაცვლად, საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გააჩნია სტაბილურობის დაცვის ბერკეტები, რომ წინ აღუდგება პროვოკაციებს და მშვიდობიანად გაივლის გზას მომავალ არჩევნებამდე. მე, როგორც საქართველოში ადამიანის უფლებების, სიცოცხლის დაცვისა და სახელმწიფოს სტაბილურობის დაცვის ერთ-ერთი გარანტი, ვამაყობ, რომ ჩვენმა სახელმწოფო უწყებებმა უზრუნველყვეს ყოველივე ამის ხელშეუხებლობა”, – დაწერა პრეზიდენტმა.

გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში 2019 წელს მონოლოგისას ვლადიმირ პუტინს რუსულად შეაგინა. აღნიშნული რამდენიმე საათში დაგმეს საქართველოს პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა თანამდებობის პირებმა. მათ მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცათ.

გაბუნიას მონოლოგს მაშინ სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჟურნალისტის მონოლოგი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო და მან “საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა!”. ამასთან, ზურაბიშვილმა განმარტა, რომ გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეგინება სახელმწიფო ინტერესების დაზიანებაა.


გუშინ, 15 ივნისს, ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას. გვარამიამ გუშინვე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც გასულ წელს  პუტინის გინების გამო გაბუნიას გადამალვა ურჩია.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუსის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, თავი შეიკავონ “დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი