ახალი ამბებისამართალი

ჭიკაიძიდან გახარიამდე – ამბოხება/გადატრიალების საქმეების სპირალი

5 ივლისი, 2019 • 3098
ჭიკაიძიდან გახარიამდე – ამბოხება/გადატრიალების საქმეების სპირალი

20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო ორგანომ კვალიფიკაცია დაამძიმა და “ამბოხება” დაამატა, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ოპოზიციიდან მომდინარე გადატრიალების საფრთხეზე იწყება გამოძიება. წინა 3 საქმე თაროზე დარჩა, რა მოხდება ახლა?

იურისტი სულხან სალაძე, რომელიც საიას თავმჯდომარეა, ფიქრობს, რომ ამბოხებაზე აქცენტირებით ხელისუფლება ყუარდღების გადატანას ცდილობს გიორგი გახარიას თემიდან, რომლის გადადგომის მოთხოვნითაც რუსთაველის გამზირზე უკვე მე-2 კვირაა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.  “20 ივნისის ამბოხების საქმის” გამოძიება შსს-ში მიმდინარეობს, რომელსაც გახარია ხელმძღვანელობს.

“მგონია, რომ ეს რეალურად უფრო თემის, ყურადღების გადატანს ემსახურება, ვიდრე ის, რომ ხელშესახებ შედეგებს მიაღწევს გამოძიება. ცხადია, წინასწარ რთულია იმაზე საუბარი, ვინმე რამეს მართლაც გეგმავდა თუ არა, მაგრამ მე ეჭვი არ მეპარება, რომ იმ დღეს საზოგადოების პროტესტი გულწრფელი იყო, რაც იმ უმსაგვსო ქმედებამ გამოიწვია, რასაც ადგილი ჰქონდა პარლამენტში, როცა გავრილოვმა დაიკავა სპიკერის სავარძელი”, – გვეუბნება სალაძე.

ამბოხების კვალიფიკაციაზე რესპუბლიკელ თამარ კორძაიას 2009 წლის  მოვლენები გაახსენდა. ეს იყო გახმაურებული “ამბოხების საქმე”, რომლის ფარგლებშიც 40-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო სამართლებრივი დევნა. ამ საქმის გამო იმდროინდელ ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდნენ და მსჯავრდებულებს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პარლამენტმა პოლიტპატიმრების სტატუსი მიანიჭეს.

  • “მუხროვანის ამბოხებაზე” მეტი ჩვენი არქივიდან წაიკითხეთ – აქ

“ეს არ არის მარტო “ოცნების” ხელისუფლების ხელწერა, წინა მთავრობაც ასე იქცეოდა, გახსოვთ, ალბათ, “მუხროვანის ამბოხება”. ეს სწორედ იმ პერიოდს ემთხვეოდა, როდესაც ოპოზიცია იყო აქტიური, მაშინ კარვების აქცია იყო. ზოგიერთმა პასუხი აგო, მაგრამ რომ გადავხედოთ იმდროინდელ პრესას, ჩვენ ვნახავთ, რომ მაგალითად, იარაღის შეძენის მცდელობაში იყო ზოგი დადანაშაულებული, ზოგიერთი მათგანი ამბოხების ნაწილში იმავე ხელისუფლების პირობებში სასამართლომ გაამართლა”, – ამბობს კორძაია.

მისივე თქმით, მაშინაც და დღესაც ხელისუფლების მოტივაცია იგივეა: კრიზისულ ვითარებაში ძალაუფლება განიმტკიცოს.

“დაახლოებით იგივე რაღაც ხდება დღეს: ამბოხებაზე საუბარი სრული აბსურდია. შესუსტებული ხელისუფლება ცდილობს ძალაუფლების განმტკიცებას, ქმნის არარსებულ რეალობას და ცდილობს, სხვა მიმართულებით წაიყვანოს პროცესი”, – აღნიშნავს კორძაია.

პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ გამოძიება ამბოხების კვალიფიკაციამდე “მტკიცებულებებისა და ათეულობით მოწმის ჩვენებების  ანალიზის საფუძველზე” მივიდა და ახლო მომავალში ბრალდებულთა რიცხვის ზრდას აანონსებს.

“დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაც განეიტრალებული იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების უშუალო ძალისხმევით”, – აცხადებს პროკურორი კოკა კაციტაძე.

პროკურატურის მიერ გამოცხადებულ ამბოხების მცდელობაზე კომენტარი გააკეთა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ. ის გამოძიების შედეგებს ელოდება:

“რაც შეეხება ამბოხის მცდელობას, პარლამენტში შემოჭრის მცდელობა ჩვენ თვალწინ მიმდინარეობდა. ეს ყველამ დავინახეთ და ამის უარყოფა შეუძლებელია. პირიქით რომ ვილაპარაკოთ, ეს ფაქტია, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა. რა ძალებით ხდებოდა, რამდენად ორგანიზებული იყო და ვინ ედგა ამას სათავეში, ეს გამოძიების კომპეტენციაა და არა – პოლიტიკური განცხადებების ავტორების”, – განაცხადა ვოლსკიმ პირველი არხის ცნობით.

შეთქმულებასა და ამბოხებას სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლი სჯის. 20 ივნისის საქმე არ არის ერთადერთი, რომლის ფარგლებშიც “ქართული ოცნების ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან მომდინარე გადატრიალების მცდელობაზე საუბრობს. 20 ივნისის საქმე ამ კონტექსტში რიგით მეოთხეა, თუმცა წინა სამი ამ დრომდე თაროზეა შემოდებული და ბოლო ინფორმაციით, რაიმე ტიპის მსვლელობა: ბრალდებულის გამოკვეთა, დაპატიმრება და ა.შ. არ მოჰყოლია. 

  • 2014 წელს ჭიკაიძის მიერ ორჯერ გამოცხადებული შეთქმულების გეგმაზე წაიკითხეთაქ
  • როგორ მიეხმარა 2016 წელს “დესტაბილიზაციის საფრთხე” “ოცნებას” გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების მობილიზებაში წაიკითხეთ – აქ

შეთქმულების მუხლით დაწყებული გამოძიებების ქრონოლოგია:

სულხან სალაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებას 20 ივნისის საქმეზე ამბოხების ვერსიის დამტკიცება  გაუჭირდება, რადგან აქცია გავრილოვის თემის ირგვლივ შუადღეს დაიწყო, ხოლო ვითარება პარლამენტთან საღამოს დაიძაბა. ამასთან, იურისტის თქმით, არსებობს წინა გამოცდილება, როდესაც გადატრიალების კონტექსტში გამოძიებები იწყება და, როგორც წესი, ლოგიკურ დასასრულამდე არ მიდის.

მოსაზრებას, რომ ამბოხების თემა დასამტკიცებლად რთული იქნება, ეთანხმება თამარ კორძაიაც. მისი თქმით, ამბოხება 5 წუთში არ იგეგმება. იგი არ გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში საზოგადოებამ გარკვეული “დაჭრილი ჩანაწერები” იხილოს.

“ეს არის მუხლი, რომელსაც სერიოზული მტკიცებულებები სჭირდება. ვერ წარმომიდგენია, რა უნდა დადონ.  შესაძლოა ჩანაწერები გამოაქვეყნონ. მახსოვს ჯაშუშების [ფოტოგრაფების] საქმე. მაშინ სატელეფონო საუბრებზე ლაპარაკობდნენ და ისიც კი არ ჰქონდათ. შეხვედრაზე შს მინისტრმა ტელეფონის ნომრები დადო იმის დასადასტურებლად, რომ ვითომ ფოტოგრაფებს ჯაშუშური კავშირი ჰქონდათ სხვა ქვეყანასთან, ჩანაწერებიც კი ვერ დადეს. ამ ყველაფერმა სადამდე მიიყვანა წინა ხელისუფლება, ყველამ იცის. იგივე მოუვათ ამათ. დღეს ისინი [ენმ] აღიარებენ, რომ ეს საქმე მათი სერიოზული შეცდომა იყო”, – ამბობს კორძაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი