ნეტგაზეთი | საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით? საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით? – Netgazeti

საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით?

ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას გერმანიის გენერალური პროკურატურა ახლა უკვე ოფიციალურად უკავშირებს რუსეთის სახელმწიფო უწყებებს. რა რეაქცია აქვს (ან უნდა ჰქონდეს) საქართველოს სახელმწიფოს, როდესაც მის მოქალაქეს სხვა ქვეყანაში კლავენ, ხოლო მკვლელობის შემკვეთად რუსეთის სპეცსამსახურები სახელდება?

რა ხდება?

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი დაახლოებით სამი თვის წინ, 23 აგვისტოს, მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ელექტრონული ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა.

ზელიმხან ხანგოშვილი 29 აგვისტოს მშობლიურ მიწაზე, პანკისის სოფელ დუისში დაკრძალეს.. 29.08.2019. ფოტო: სულხან ბორძიკაშვილი

გერმანულ და შემდეგ საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური მოსკოვი.

თავდაპირველად ჟურნალისტურ გამოძიებებში გამოკვეთილმა ბრალდებამ დღეს უკვე ოფიციალურ არხებში გადაინაცვლა:

როგორც გამოცემა Wall Street Journal-ი იუწყება, გერმანიის ფედერალურ პროკურატურაში გამომძიებლები შეჯერდნენ ეჭვმიტანილის ვინაობასა და მის კავშირზე რუსულ სახელმწიფოსთან.

„არსებობს საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები, რათა დავასკვნათ, რომ მკვლელობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრუქტურების ან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სტრუქტურების დაკვეთით, რომელიც რუსეთის დაქვემდებარებაშია“, – ციტირებს BBC გერმანიის ფედერალურ პროკურორს.

ამ ცნობის გავრცელების პარალელურად, 4 დეკემბერს, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, რითაც ისინი, ფაქტოვრივად, ქვეყნიდან გააძევა. 

ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი. ფოტო: EPA

როგორც მოგვიანებით გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნათელი გახდა, რომ რუსეთი ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში მათთან არ თანამშრომლობდა.

საქართველოს დუმილი

საქართველოს მკვეთრი პოზიცია ამ დრომდე არ გამოუხატავს მისი მოქალაქის, ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, მით უმეტეს რუსეთთან შესაძლო კავშირზე.

ამის სავარაუდო მიზეზად ანალიტიკოსები „ნეტგაზეთთან“ საუბარში რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვის რისკს ასახელებენ.

„პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება და სიტუაციის დამატებით დაძაბვა. შესაბამისად, თავს არიდებენ [მკვეთრ განცხადებებს ან რაიმე სახის სანქციებზე საუბარს], მიუხედავად იმისა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი საქართველოს მოქალაქე იყო“, – ამბობს ალეკო კვახაძე, „რონდელის ფონდის“ ანალიტიკოსი.

საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველი ირაკლი სირბილაძეც ამ აზრზეა: „როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ერიდება საჯაროდ ამ თემაზე საუბარს, რადგან რუსეთის შესაძლო რეაქციას ხედავს  ურთიერთობების შესაძლო გამწვავების კონტექსში. საქართველოს ხელისუფლება ერიდება მკაცრი რიტორიკას — რასაც როგორც წესი სახელმწიფომ უნდა მიმართოს თუ საქმე მისი მოქალაქის მკვლელობას ეხება — რადგან ეს რუსეთთან ურთიერთობებს დაძაბავს“.

საქართველოს დილემა

ირაკლი სირბილაძე იხსენებს რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირების საქმეს: სუმბაევი, რომელსაც რუსეთში კიბერდანაშაულსა და გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობასთან აკავშირებდნენ, საქართველომ 24 ოქტომბერს გადასცა რუსეთს იმის მიუხედავად, რომ, მისი ადვოკატის განცხადებით, სუმბაევი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას შეიძლება დაქვემდებარებოდა.

[გაიგეთ მეტი: საქართველომ რუსეთს გადასცა ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი]

სუმბაევამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას გადასცა ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში სდებდა ბრალს.

რუსეთის მოქალაქე ახიადოვი, რომელიც 2017 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში, ბრალდებას მოგონილს უწოდებდა, ამბობდა, რომ სამშობლოში არაადამიანური მოპყრობა ემუქრებოდა და იქ არც სამართლიანი სასამართლოს იმედი ჰქონდა.

[წაიკითხეთ ამ თემაზე: ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვი საქართველომ რუსეთს გადასცა]

ამ მსჯელობაში გასათვალისწინებელი ის გარემოებაც, რომ ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლებისა და რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ეთნიკური ჩეჩნების მიმართ რუსეთის სახელმწიფო ხშირად იყენებს „ტერორიზმის“ ბრალდებას, რითიც წინააღმდეგობის ჩახშობას ცდილობს.

„ისეთ საკითხებში, სადაც რუსეთის ინტერესი მაღალია, საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტად დამყოლ პოლიტიკას ახორციელებს“, — გვეუბნება სირბილაძე და გვიხსნის, რაში მდგომარეობას ხანგოშვილის შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს დილემა:

„დილემა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ ისე რომ, ერთი მხრივ, დაიცვას საკუთარი მოქალაქის ინტერესი და, ამავდროულად, ამით არ შექმნას რუსეთთან დაძაბულობის ფონი“.

დაუცველი მოქალაქე

რამდენად მოახერხა საქართველომ საკუთარი მოქალაქის დაცვა — არა ბერლინში, უცხო ქვეყანაში, უცხო ქალაქში, — არამედ საკუთარ კონტროლირებად საზღვრებში?

ზელიმხან ხანგოშვილის 2015 წელს 28 მაისს თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. მანქანაში მჯდარ ხანგოშვილს 8 ტყვია ესროლეს და დაჭრეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), რომელიც გამოძიებას აკვირდებოდა, აცხადებს, რომ პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობდა.

EMC-ის თანახმადვე, ხანგოშვილის მიმართ რუსეთის სპეციალური სამსახურების ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო. 

გამოცემა „აქცენტთან“, რომელიც ხშირად აშუქებს ეთნიკური ჩეჩნების პრობლემებს, თვითონ ზელიმხან ხანგოშვილი ამ თავდასხმას პირდაპირ უკავშირებდა რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას:

„არასდროს დამიმალავს, რომ რუსეთ–ჩეჩნეთის ომში ვიბრძოდი და ჩემი მეორე სამშობლოს ინტერესებს ვიცავდი. ამასთან, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დროს გავწიეთ ორგანიზება, შევკრიბეთ ქისტები და მზად ვიყავით საომრად. იქ, სადაც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ და ჩემი ქვეყნის ინტერესების დასაცავად შემიძლია ბრძოლა, ამას მომავალშიც გავაკეთებ, ბუნებრივია, ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე. შესაბამისად, მე მათი ინტერესების დამაბრკოლებელი ფიგურა არა, მაგრამ ჭანჭიკი მაინც ვარ“, – გამოცემის თანახმად, ამას ამბობდა თავდასხმის შემდეგ ზელიმხან ხანგოშვილი.

ის მართლაც იყო გამორჩეული ფიგურა ჩეჩნეთშიც და საქართველოშიც. დაახლოებული იყო ჩეჩნეთის პრეზიდენტ ასლან მასხადოვთან, რომელიც 2005 წელს მოკლეს რუსეთის ფედერალურმა ძალებმა; ფიგურირებდა 2012 წლის ლოპოტის ხეობის/ლაფანყურის სპეცოპერაციის ეპიზოდშიც: ის მაშინ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და ახმედ ჩატაევთან ერთად აწარმოებდა მოლაპარაკებებს…

ზელიმხან ხანგოშვილი და ასლან მასხადოვი. ფოტო: BBC

ჩემს სამშობლოში თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობ და იძულებული ვარ, სხვა ქვეყანაში ხიზნად ვიქცე და გავხიზნო ოჯახიც“, – ამბობდა იგი თბილისში თავდასხმის შემდეგ; მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, არაერთი თხოვნისა და ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, ქართულმა სახელმწიფომ დაცვა არ გამოუყო.

ანალიტიკოსი ალეკო კვახაძე საქართველოს მხრიდან ხანგოშვილის საქმეზე დუმილს, ზემოთ აღნიშნული პირველადი მიზეზის გარდა, გარკვეულწილად ამ პასუხისმგებლობასაც უკავშირებს: 

„ვინაიდან ამ საქმეში ზელიმხან ხანგოშვილის სანათესაო საქართველოს ხელისუფლებასაც აკისრებს გარკვეულ პასუხისმგებლობას, რადგან ხელისუფლებამ, ასე ვთქვათ, აქ ვერ დაიცვა ხანგოშვილი, აქედან გამომდინარეც შესაძლოა, რომ არ ხდება ამ საკითხის წინ წამოწევა და აქტიურობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“.

საბოლოოდ, ხანგოშვილი 2016 წელს გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად ცოლთან და ოთხ შვილთან ერთად. თუმცა იქ ხანგოშვილის ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ, 21 ოქტომბერს მიანიჭეს…

„მოუწევთ პოზიციის დაფიქსირება“

აქამდე გერმანიასაც მწვავედ აკრიტიკებდნენ [სხვებთან ერთად, გერმანიაში თავშესაფრის საძებრად ჩასული ჩეჩნების უფლებადამცველი] იმის გამო, რომ ვერც მან დაიცვა ზელიმხან ხანგოშვილი; იმის გამოც, რომ გერმანიის დუმილი ცუდი ნიშანი იყო თავშესაფრის მაძიებელი ჩეჩენი დიასპორისათვის, რომელიც უსაფრთხოების გარანტიით დაიმედებული ჩავიდა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში;

ხანგოშვილის საქმეში გამოკვეთილი გარემოებების მიუხედავად, გერმანია, საქართველოს მსგავსად, რუსეთის მიმართ ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობდა. თუმცა გამოძიების მიწურულს, — იმის მიუხედავად, რომ გერმანიას მნიშვნელოვანი კავშირები აქვს რუსეთთან (მაგალითად, მოქმედი კონტრაქტი „გაზპრომთან“), — გერმანიამ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ ჩეჩნურმა დიასპორამ არაერთ ქვეყანაში გამართა აქციები გერმანიის საელჩოებთან ხანგოშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით

ამ სიახლის გათვალისწინებით, ანალიტიკოს ირაკლი სირბილაძეს მიაჩნია, რომ საქართველოსაც მოუწევს პოზიციის დაფიქსირება: 

„თუკი აქამდე — სანამ რუსეთთთან მკვლელობაში ბრალდებულის ფორმალური კავშირი ბოლომდე გამოკვეთილი არ იყო — საქართველოს ხელისუფლება ახერხებდა საკითხის ირგვლივ პოზიციის დაფიქსირებისგან თავის შეკავებას, გერმანიის მიერ რუსეთი დიპლომატების გაძევებისა და საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში რუსეთის სახელმწიფოს დადანაშაულების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდება, დააფიქსიროს პოზიცია“.

მსგავსება სკრიპალების საქმესთან?

ხანგოშვილის მკვლელობას არაერთი მედიასაშუალება ამსგავსებს სკრიპალების მკვლელობის მცდელობას: ყოფილი ორმაგი ჯაშუში სერგეი სკრიპალი, შვილთან, იულია სკრიპალთან ერთად 2018 წლის მარტში მოწამლეს ბრიტანეთში ნივთიერება „ნოვიჩოკით“;

მოგვიანებით, ბრიტანეთის დაწყებულ კამპანიას, გაეძევებინა რუსი დიპლომატები, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც შეუერთდა და ერთი თანამშრომელი გააძევა შვეიცარიის საელჩოში რუსული სექციიდან [რუსეთის ინტერესებს სწორედ ეს სექცია ატარებს, რადგან 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის საელჩო საქართველოში არ ფუნქციონირებს];

ირაკლი სირბილაძე გვეუბნება, რომ ამ კონტექსტში მოსალოდნელია, საქართველოც შეუერთდეს სხვა სახელმწიფოებს: „საქართველო ასე მოიქცა სკრიპალის შემთხვევაში როდესაც საქართველოდან რუსი დიპლომატები გააძევა და ნამდვილად რთული იქნება იგივე არ გააკეთოს მაშინ როდესაც საქმე ეხება მისი მოქალაქის მკვლელობას“. 

„თუკი რუსეთზე საერთაშორისო წნეხი გაიზრდება, პარტნიორებთან შეერთებით საქართველო შეძლებს აჩვენოს, რომ ის არ არის რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი, რაც შესაძლოა რუსეთს ასე აღექვა თუ  კი საქართველო გამოძიების შედეგებამდე დააფიქსირებდა პოზიციას და რუსეთს გააკრიტიკებდა“, — ამბობს სირბილაძე, თუმცა დასძენს:

„ცხადია, იდეალურ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას შემთხვევისთანავე უნდა გაეკეთებინა განცხადება, რომ მოხდა საქართველოს მოქალაქის მკვლელობა და ჩვენ პარტნიორებთან ერთად თვალყურს მივადევნებთ მოვლენების განვითარებას“.

ალეკო კვახაძე „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ საქართველოს ასეთი სიფრთხილე გაუმართლებელია: „რა თქმა უნდა, ჩემი გადმოსახედიდან ეს მიდგომა არის არასწორი. რაც უნდა კონსტრუქციული პოზიცია დაიჭირო რუსეთთან, ამას მაინც მოჰყვება შემდგომი ოკუპაცია და აგრესიული ქმედებები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. ასე რომ, ერთადერთი სწორი გზა არის პრინციპული პოზიციის დაფიქსირება საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მაქსიმალური ჩართულობით“, — გვეუბნება იგი.

ირაკლი სირბილაძეს მიაჩნია, რომ რადგან გერმანიამ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა, საქართველოს, ასე ვთქვათ, „ხელ-ფეხი გაეხსნა“ და შეუძლია, უფრო თამამი განცხადებები გააკეთოს და ნაბიჯებიც გადადგას.

„სკრიპალისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში საქართველოს პირდაპირი ინტერესი აქვს (უნდა ჰქონდეს) რომ რუსეთმა პასუხი აგოს მისი მოქალაქის მკვლელობისთვის, თუმცა ამის საპირწონედ არსებობს   რუსეთის შესაძლო რეაგირების შიში და, ჩემი აზრით, სწორედ ეს შიში განსაზღვრავს ხელისუფლების მიდგომას“, — ეუბნება იგი „ნეტგაზეთს“.

როგორ მოიქცევა საქართველო? აიღებს გერმანიის მაგალითს? საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ნეტგაზეთს“ განუცხადა: „გვაქვს კავშირი გერმანელ პარტნიორებთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. ვიმოქმედებთ მათთან კოორდინირებულად“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com