ახალი ამბები

“აბრაგულ-ვაჟკაცურ-განგსტერულ-დიდაქტიკური” – ოცნების” გამოხმაურებები კადიროვის განცხადებაზე

17 ივნისი, 2020 • 1677
“აბრაგულ-ვაჟკაცურ-განგსტერულ-დიდაქტიკური” – ოცნების” გამოხმაურებები კადიროვის განცხადებაზე

მმართველი გუნდის წარმომადგენლები გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებას ეხმიანებიან.  თავიანთ განცხადებებში ისინი აკრიტიკებენ როგორც რუსეთის რიტორიკას, ისე “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც, მათი თქმით, დესტაბილიზაციის გაღრმავებას ცდილობს.

“საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთი მაგალითი უნდა ჩაწეროს დანაშაულებების იმ ვრცელ სიაში, თვითონ პოზიციის, არსის, ამ ქვეყნის არსის, რომელიც სულ ახლა, ბოლო პერიოდში შეიქმნა. თუნდაც კადიროვის გამონათქვამები, აბრაგულ-ვაჟკაცურ-განგსტერულ-დიდაქტიკური.  ეს თემა არ არის ადვილი და უბრალო, ჩვენ ვერ შევცვლით ვერც კადიროვის რიტორიკას და ვერც გაბუნიას რიტორიკას. სულ არ აინტერესებს იმას არც “ნაციონალური მოძრაობა” და არც “ქართული ოცნება”. იმას აინტერესებს დესტაბილიზაცია და მეორე, ამ დესტაბილიზაციაში ნაციონალური მოძრაობა უფრო უწყობს ხელს”, – აღნიშნა საკითხზე საუბრისას “ქართული ოცნების” წევრმა, გია ვოლსკიმ.

კადიროვის განცხადებაზე ისაუბრა მამუკა მდინარაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ხისტი პოზიციის მიუხედავად, ხელისუფლება არ აპირებს აგრესიულ რიტორიკაში ჩაბმას. კოლეგის მსგავსად, მანაც გააკრიტიკა “ნაციონალური მოძრაობა”. მისი თქმით, ხელისუფლება ამ საკითხებზე ქვეყნის უცხოელ მეგობრებთან მუშაობს. მისი განმარტებით, რუსეთის მაღალჩინოსნების განცხადებები საქართველოს ინტერესების დაზიანებისკენაა მიმართლი.

“თუ ვინმეს მიზანია, რომ ამ აგრესიულ რიტორიკაში ჩავერთოთ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კი არ ვიმუშაოთ ასეთ საკითხებზე, არამედ ჩვენც ჩავერთოთ ამ აგრესიულ პოლიტიკაში, ამას ჩვენ არ გავაკეთებთ.

…ნაცების და რუსების ოფიციალური წარმომადგენლების აგრესიულ პოლიტიკაში რატომ არ შემოდიხართ, ამაზე ჩვენ რაღაც აფეთქებას და ჩაყოლას ამ თემებში, რუსების და შიდა მავნებელი პარტიების თუ სუბიექტების, ნამდვილად არ ვაპირებთ”, – თქვა მდინარაძემ.

კადიროვის განცხადებებზე ხელისუფლების რეაქცია მანამდე “ნაციონალურ მოძრაობაში” გააკრიტიკეს. პარტიის წევრი, რომან  გოცირიძე, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შესაბამისი პასუხი გასცეს რუსეთს ჩეჩნეთის ლიდერის რეპლიკებისთვის.

რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი უარყოფს ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, თბილისში დაკავებული რუსეთის მოქალაქეს სწორედ მისგან ჰქონდა დავალებული ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია.

“ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი მითითებით მოქმედებს, ასრულებს კიდეც”, – RIA-ს ცნობით, კადიროვმა ამის შესახებ განცხადება ტელეგრამით გაავრცელა.

კადიროვმა გიორგი გაბუნიას ასევე “სწორი დასკვნების გაკეთებისა და ჭკუაზე მოსვლისკენ” მოუწოდა. ის ასევე აცხადებს, რომ პუტინის გინებით პირადად დარჩა შეურაცხყოფილი და გაბუნიას გინება “რუსეთში არ დავიწყებიათ”.


15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას. გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც გასულ წელს პუტინის გინების გამო გაბუნიას გადამალვა ურჩია.

აღნიშნულს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია, რომელმაც აღნიშნა, რომ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე შეფასებები გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გაკეთდეს, მანამდე კი განცხადებებს “პოლიტიკური ირესახე დასდევს, მაშინ, როდესაც აღკვეთილია მძიმე დანაშაული და არ არის ბოლომდე დასრულებული გამოძიება”.

ამავე საკითხთან დაკავშირებით ფეისბუქზე დაწერა საქართველოს პრეზიდენტმაც. მისი თქმით, გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმე პროვოკაციული ქმედებაა და მიმართულია ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ.

სუსი ადასტურებს, რომ რუსეთის მოქალაქე შეკვეთილი მკვლელობის საქმეზეა დაკავებული

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი