სინდისის 3-მა პატიმარმა, გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა გლდანის ციხე დატოვა.
ისინი მიმართვის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით.
გიორგი მინდაძეს და ანრი კვარაცხელიას 5 და 4-წლიანი პატიმრობები ჰქონდათ მისჯილი.
ნიკოლოზ ჯავახიშვილს 2-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ისედაც რამდენიმე დღეში, 4 დეკემბერს უწევდა საპატიმროდან გამოსვლა.
სინდისის პატიმარმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან გაკეთებულ პირველ კომენტარში განაცხადა, რომ ბრძოლა ბოლომდე გრძელდება, ხოლო ციხეში დარჩენილ თანამებრძოლებს შეწყალების გზით გარეთ გამოსვლა ურჩია.
ჯავახიშვილის თქმით, საპატიმროს დატოვება ძალიან ემოციური მომენტია არა მხოლოდ სინდისისა და პოლიტპატიმრებისთვის, არამედ ყველა პატიმრისთვის. მან აღნიშნა, რომ სათქმელი ბევრი აქვს და დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს.
„ჯერჯერობით ჩემი ოჯახის წევრები ახლა არ უყურებენ, ალბათ, ტელევიზორს და სიურპრიზი მინდა გავუკეთო. ძალიან გთხოვთ უბრალოდ, რომ გამიშვათ და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებ“.
ოჯახის წევრებთან წასვლამდე ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ციხეში დარჩენილ თანამებრძოლებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანას ახალგაზრდები გარეთ სჭირდება:
„თანამებრძოლებს იმას ვეტყვი, რომ ჯერჯერობით ახლა ყველა ვართ გარეთ საჭირო, არავინ არ ვართ ციხეში საჭირო… ვეტყოდი, რომ გამოიყენონ ეგ შესაძლებლობა და გამოვიდნენ გარეთ, რადგან ქვეყანაში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას ვჭირდებით ახალგაზრდები. ითხოვონ შეწყალება, დაწერონ, კი ბატონო. ეგ იქნება, ჩემი აზრით, ალტერნატიული გზა გამოსვლის“, – განაცხადა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
ანრი კვარაცხელიას 2025 წელს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ. აფხაზეთიდან დევნილ ოჯახში დაბადებული ანრი კვარაცხელია სახლში დააკავეს. მას ედავებოდნენ აქციაზე გდდ-ს თანამშრომლების მისამართით მოლოტოვის კოქტეილის სროლას, რამაც „საფრთხე შეუქმნა მათ ჯანმრთელობას“. მის საქმეში ფიზიკურად დაზიანებული პოლიციელი არ არსებობს.
2025 წლის ივლისში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გიორგი მინდაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მაშინ ის 21 წლის იყო. პროკურატურა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს ედავებოდა 2024 წლის 29 ნოემბერს პარლამენტთან პიროტექნიკის სროლას, რამაც, ბრალდების ვერსიით, სპეცრაზმელი შმაგი ჯაჭვაძე დააზიანა. თავად ჯაჭვაძე ამბობს, რომ დაზიანება მიიღო, თუმცა, არა იმდენად სერიოზული, რომ ექიმის დახმარება დასჭირვებოდა.
ნიკოლოზ ჯავახიშვილს 2025 წელს მიუსაჯეს 2 წლით პატიმრობა. მას განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოუტანა და დამნაშავედ ცნო სსკ-ის 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიურ მონაწილეობას. პროკურატურა ჯავახიშვილს თავდაპირველად ძალადობრივ დანაშაულს ედავებოდა (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა), თუმცა მოსამართლემ ეს მუხლი გამორიცხა და სინდისის პატიმარს უფრო მსუქი მუხლით მიუსაჯა პატიმრობა.
ფოტო © MO SE
