ახალი ამბები

ცესკოს შენობასთან პროტესტი ღამითაც გაგრძელდა

6 ნოემბერი, 2020 • 895
ცესკოს შენობასთან პროტესტი ღამითაც გაგრძელდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია 5 ნოემბრის ღამითაც გაგრძელდა. ადგილზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ, რომელთაც ცესკო კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს არჩევნების გაყალბებაში.

დემონსტრაციას ფონად გასდევდა საყვირებისა და სირენების ხმა. ამასთან, აქციის მონაწილეები ხელებსა და ქვებს აბრახუნებდნენ რკინის ბარიკადებზე, რომლებიც  საპარლამენტო არჩევნების თანმდევი პროტესტის დაწყებიდან შენობის მიმდებარედ მალევე აღმართეს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები, რომლებზეც ცესკოს თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” ლიდერები გამყალბებლებად არიან მოხსენიებულნი.

“ეს არის მორიგი წინააღმდეგობა. არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს არც მოთხოვნებს და აღარაფერს. მე ბათუმიდან ჩამოვედი. 102 უბანი გვქონდა ბათუმში. არცერთი საჩივარი დააკმაყოფილეს. ამ 102-დან დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი უბნის გადათვლის მოთხოვნა, სადაც ოპოზიცია იმარჯვებს”, – აღნიშნა “ლელოს” წევრმა ირაკლი კუპრაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, “ამ არჩევნებს ვეღარანაირი გადათვლა ვეღარ უშველის” და ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია ცესკოს შეცვლილი შემადგენლობით.

აღნიშნულ შეკრებამდე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა საოლქო კომისიების შენობებთან გამართეს აქციები. პროტესტი დაძაბულობისა და დაკავებების ფონზე მიმდინარეობდა.

ცესკოს შენობასთან აქცია დღის პირველ ნახევარშიც გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები უწყებასთან პლაკატებითა და შეძახილებით მივიდნენ.საპროტესტო აქციის სახელწოდება იყო „თამარ ჟვანიას დაჯილდოების ცერემონია“. იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჟვანიას ჯილდო ეკუთვნის იმისთვის, რომ შეურაცხყოფას ითმენს.

ჯერ კიდევ 2 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.  ესენი არიან: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”“ევროპული საქართველო”“სტრატეგია აღმაშენებელი”“ლელო”“პატრიოტთა ალიანსი”“გირჩი”“მოქალაქეები”“ლეიბორისტული პარტია”.

არჩევნებიდან მეორე დღეს არაერთი ოპოზიციური პარტიის ორგანიზებით ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც არჩევნების შედეგების გაბათილება მოითხოვეს. კიდევ ერთი აქცია კვირას, 8 ნოემბერს იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი