აშშ-ში ხმის მიცემის ტექნოლოგიების კომპანია Smartmatic-ს ფულის გათეთრებასა და სხვა დანაშაულებისთვის ბრალი წაუყენეს.
პროკურორები აცხადებენ, რომ Smartmatic-ს წარმომადგენლებმა 2015-2018 წლებში ფილიპინების საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს , რომელიც ასევე ბრალდებულია, 1 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი გადასცეს, რათა ფილიპინებში არჩევნები 2016 წელს Smartmatic-ს ტექნოლოგიით ჩაეტარებინათ.
როგორც Reuters წერს, ფილიპინებში ბიზნესის უზრუნველყოფის მიზნით, სავარაუდოდ, უცხოური მოსყიდვის შეთქმულების ფარგლებში, კომპანიის სამი ყოფილი აღმასრულებელი მონაწილეობდა. მათ წინააღმდეგ საქმე 2024 წელს აღიძრა.
მედიის ინფორმაციით, Smartmatic-მა ბრალდებებს „ფაქტებისა და კანონის მიხედვით არასწორი“ უწოდა. კომპანიამ განაცხადა, რომ გაასაჩივრებს ბრალდებებს და დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს.
„ჩვენ გვჯერა, რომ ფლორიდის სამხრეთი ოლქის აშშ-ის პროკურატურა შეცდომაში შეიყვანეს და პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებიან, ჩვენი მთავრობასთან ფართო თანამშრომლობის მიუხედავად“, – თქვა Smartmatic-მა.
საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციას ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამებით კომპანია Smartmatic უზრუნველყოფს. სწორედ Smartmatic-ის ტექნოლოგიით ჩატარდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და 2025 წლის არჩევნები საქართველოში.
ეს არის ამერიკული კიბერუსაფრთხოების კომპანია, რომელიც 2000 წელს ფლორიდაში დაფუძნდა. კომპანიის ვებ-გვერდის მიხედვით, შექმნიდან დღემდე 5 კონტინენტზე, ათობით ქვეყანაში, 5 მილიარდზე მეტი საარჩევნო ხმა დაამუშავეს.
ავტორი: ნინა სიგუა








