ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გავრცელებულ ახალ წერილში ამბობს, რომ მის მიმიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და წამებას, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას.
„დახურულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ვაცნობე ჩემ მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა და კომბინირებული დანაშაულის შესახებ, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და წამებას, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, იძულებასა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას. აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-6 და მე-18 მუხლების ერთობლივ უმძიმეს დარღვევას. მთელი ეს პროცესი სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს და წარმოადგენს მართული პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკურ მაგალითს“, – აცხადებს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილის თქმით, ამ „უმძიმესი დანაშაულის“ შესახებ საჯაროდ 17 აგვისტოს განაცხადა და მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ვალდებული იყო, გამოძიება დაეწყო, ეს ამ დრომდე არ მომდხდარა.
„ჩემ მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნისა და უმძიმესი დანაშაულის შესახებ განცხადება 17 აგვისტოს სოციალური ქსელის მეშვეობით გავაკეთე, როდესაც გამოვაქვეყნე ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი წერილი. მას შემდეგ ველოდებოდი ხელისუფლების რეაგირებას – გამოძიების დაწყებას, რაც დღემდე არ მომხდარა. აქვე შეგახსენებთ, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე პროკურატურა ვალდებული იყო, დაეწყო გამოძიება“, – აცხადებს ღარიბაშვილი.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, მისი დაცვის მხარეს არ მიეცა უფლება, რომ სასამართლოში წარედგინა საკვანძო მტკიცებულება – „შანტაჟის წერილი“, რომელიც, მისივე ცნობით, ციხეში მამუკა მდინარაძემ შეუგზავნა.
„როდესაც პროკურატურამ და სასამართლომ იცოდნენ შანტაჟისა და წერილის შესახებ, მაგრამ ეს გარემოებები არათუ გამოიძიეს, არამედ, პირიქით, წერილში მითითებული ულტიმატუმის მიხედვით წამიყენეს ახალი, აბსურდული ბრალი, ხოლო შემდეგ დახურეს პროცესი და დამალეს მასალები, სახელმწიფომ თავად აიღო პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაცვის მხარეს სასამართლოში არ მიეცა უფლება, წარედგინა საკვანძო მტკიცებულება – შანტაჟის წერილი. ამასთან, დაცვის მხარეს ეზღუდება გარკვეულ საქმის მასალებზე წვდომა, რითაც უხეშად ირღვევა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ასეთ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია – ის „კენგურუს სასამართლოს“ (ფიქტიური მართლმსაჯულების) კლასიკური ნიმუშია“, – აცხადებს ღარიბაშვილი.
შეჯამების სახით მსურს განვაცხადო, რომ სასამართლო პროცესის დახურვა პირდაპირ თავსდება იმავე სქემაში, რომლის შესახებაც აქამდე ვაცნობე საზოგადოებას: ციხეში ზეწოლა და შანტაჟი, მტკიცებულების (წერილის) იგნორირება, საქმის მასალების გადმოცემაზე უარის თქმა და ბოლოს პროცესის საზოგადოებისგან დამალვა – მისი დახურვა – ეს ყველაფერი ერთიანი, მიზანმიმართული პროცესია, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს და სრულად ატარებს პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ხასიათს“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
„ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერსა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს 24 აგვისტოს ახალი ბრალდება წარუდგინეს – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღება. ის ბრალს არ აღიარებს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას.
პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პატიმრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 17 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, „იძულებულს ხდიან“, რომ ბრძოლა დაიწყოს.
პირველად გამოქვეყნებულ პოსტში ყოფილმა პრემიერმა დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ციხეში მიიღო წერილი, სადაც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ. ამავე განცხადებაში ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ეკისრება.
18 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში ის ივანიშვილის აღარ ახსენებს და ამბობს, რომ წინა დღით Facebook-ზე გამოქვეყნებული წერილი ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.
ღარიბაშვილი ჰყვება, რომ იმავე დღეს მდინარაძეს გააგებინა თავისი პოზიცია და „კიდევ ერთხელ დაუფიქსირა“, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას. წერილის მიხედვით, საპასუხოდ „მათ“ შეუთვალეს, რომ „მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა.
ღარიბაშვილის მტკიცებით, კორუფციულ დანაშაულზე ბრალი სწორედ ამ რისკის დასაზღვევად წარუდგინეს. ღარიბაშვილს მდინარაძემაც უპასუხა.
20 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში ღარიბაშვილმა „ოცნებას“ მიმართა და თქვა, რომ მოუწყვეს „ბინძური პროვოკაცია“; „არაკაცური მახე“ დაუგეს; მოატყუეს და გაწირეს; აუწიოკეს ოჯახი; სახლში შეუვარდნენ მის მშობლებს; ასევე სიმამრის ოჯახს. ამავე წერილში ის ამბობს, რომ მეორედ მიიღო მინიშნება მამამისის დაჭერასთან დაკავშირებით.
ღარიბაშვილი პატიმრობა უკვე აქვს შეფარდებული სხვა საქმეზე – დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციაზე. ამ საქმეზე მას ბრალი აღიარებული აქვს და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5-წლიან პატიმრობაშია.
