“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეუარაცხყოფის მოთმენისთვის ჯილდო ეკუთვნის.
ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა სისხლის სამართლის გამოძიება მის წინააღმდეგ არჩევნების გაყალბებისთვის
კობახიძის თქმით, “უზუსტობები” ყველა არჩევნებზე ხდება.
“თამარ ჟვანიას, პირველ რიგში, ეკუთვნის ჯილდო იმისათვის, რომ ითმენს იმ შეურაცხყოფას, რაც განსაკუთრებით პირველ ღამეს მოითმინა. თქვენ ნახეთ აბსოლუტურად უკულტურო ქცევა, რომლითაც გამოირჩეოდნენ ცესკო წევრები “ნაცმოძრაობიდან” და “ევროპული საქართველოდან”. ეს იყო აბსოლუტურად მდარე ტიპის, უკულტურო ქცევა, რითაც გამოირჩეოდნენ ისინი თამარ ჟვანიას მიმართ. ამისთვის, რა თქმა უნდა, ის იმსახურებს თანადგომას არა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, არამედ თითოეული მოქალაქის მხრიდან, ვის ინტერესშიც არის ხმების სათანადოდ დაცვა”, — განაცხადა კობახიძემ.
ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ისინი არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას და ხელახალ კენჭისყრას მოითხოვენ. ასევე, ითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას. ამ მოთხოვნას უერთედებიან ის პარტიებიც, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს.