ახალი ამბები

ვაკის საოლქო კომისიასთან 4 პირი, მათ შორის, კუპრავა დააკავეს

5 ნოემბერი, 2020 • 886
ვაკის საოლქო კომისიასთან 4 პირი, მათ შორის, კუპრავა დააკავეს

[განახლება 00:50] – ზვიად კუპრავა თავისუფალია. ის “ცესკოსთან” მიმდინარე აქციას შეუერთდა.

ვაკეში, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ზვიად კუპრავა და კიდევ 3 პირი დააკავეს. “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ სვამენ მას პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით. პარალელურად, აქციები დაძაბულობის ფონზე სხვა საოლქო კომისიების შენობებთანაც მიმდინარეობს.

ვაკეში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარედ, ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები 5 ნოემბრის საღამოს შეიკრიბნენ. ამ დროს შენობაში საარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ საჩივრებს განიხილავდნენ. “ტვ პირველის” თანახმად, ზვიად კუპრავა შენობაში შესვლას ცდილობდა, რა დროსაც პოლიციის წინააღმდეგობას გადააწყდა. საბოლოოდ, ის დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ჯამში, დაკავებულია 4 პირი. მათ მიმართ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით მიმდინარეობს.

ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს ქუთაისშიც, 69-ე საოლქო კომისიასთან, სადაც სადავო ოქმებს განიხილავენ. დემონსტრანტები პერიოდულად გზის გადაკეტვას ცდილობენ, რა დროსაც პოლიციის წინააღმდეგობას აწყდებიან და მათ შორის შეხლა-შემოხლა ხდება. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის თქმით, “დემოკრატიულმა პროცესმა ქუჩაში გადაინაცვლა”, რაც ხელისუფლების დამსახურებაა.

ვაკის გარდა, ოპოზიციის მხარდამჭერები ისნისა და მთაწმინდის საოლქო კომისიების შენობებთანაც შეიკრიბნენ.  “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლის, თამთა შამათავას ინფორმაციით, პარტიის წარმომადგენელი ისნის კომისიის სხდომიდან უსაფუძვლოდ გამოაძევეს.

პარტიის წარმომადგენლებმა შენობასთან პერფორმანსიც გამართეს და საკენკი დაყარეს. როგორც ამბობენ, ამით ხაზს უსვამენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ადამიანების მოტყუებას ცდილობს.

საოლქო კომისიების შენობებთან აქციები მეორე დღეა იმართება. დღევანდელის მსგავსად, პროტესტი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა 4 ნოემბერსაც.

აქციები საოლქო კომისიების შენობებთან შეხლა-შემოხლის ფონზე

მასალების გადაბეჭდვის წესი