ახალი ამბები

ვინ (არ) აწერს ხელს ოპოზიციიდან შარლ მიშელის დოკუმენტს

19 აპრილი, 2021 •
ვინ (არ) აწერს ხელს ოპოზიციიდან შარლ მიშელის დოკუმენტს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის 18 აპრილს შეთავაზებულ დოკუმენტზე ამ დროისთვის მხოლოდ “გირჩის” ხელმოწერაა.  მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოპოზიციას ერთიანი პოზიცია არ აქვს. დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ პარტიებსა  და ბლოკებს შიგნითაც.

ქართული ოცნება

მიუხედავად იმისა, რომ 18 აპრლის “ქართული ოცნება” ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში არ გამოცხადდა და არც შარლ მიშელის ახალი დოკუმენტის წარდგენას დასწრებია, მეორე დღეს მმართველმა პარტიამ ორი განცხადება გაავრცელა. ჯერ მზაობა გამოთქვა მიშელის განახლებულ დოკუმენტზე მსჯელობისთვის,  რამდენიმე საათში კი განაცხადა, რომ შარლ მიშელის ეგიდით წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს.

“ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში, და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის გაზრდა 43%-მდე. „ქართული ოცნება” მზად არის ,შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით”, – ნათქვამია “ქართული ოცნების” განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მოაწერს თუ არა ხელს ენმ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს, უცნობია. როგორც პარტიის წევრების განცხადებებიდან გამოიკვეთა, ხელმოწერასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები თავად პარტიის შიგნითაც აქვთ. შეთანხმებაზე ხელმოწერის საკითხზე პოლიტსაბჭოზე მსჯელობენ, პარალელურად კი, პარტიის წევრები ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს შეხვდნენ.

პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, რომლის პატიმრობიდან გათავისუფლებასაც დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი ეხება, აცხადებს, რომ  “ქართულ ოცნებასთან” იმ გარიგებაში ვერ შევა, რომლის შედეგი “იქნება შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები”.

პარტიის დამფუძნებელი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი ყურადღებას დოკუმენტის იმ ნაწილზე ამახვილებს, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში მთავარი კითხვაა, ვინ დაითვლის ხმებს და ამბობს, რომ  ეშმაკი დეტალებშია.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, აკაკი მინაშვილის თქმით კი, პარტია შარლ მიშელის შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” დოკუმენტს ხელს არ აწერს, რადგან ბუნდოვანია “პოლიტიკური პატიმრების” გამოშვების გეგმა და ადგილობრივი არჩევნების ვადამდელ არჩევნებთან მიბმა.

ამავე პარტიის წევრი სალომე სამადაშვილი კი მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთავაზებულ დოკუმენტს ენმ-მ ხელი უნდა მოაწეროს.

ამავე დროს უცნობია “ნაციონალური მოძრაობა- “ძალა ერთობაშიას” ბლოკში შემავალი სხვა პარტიებისა და პოლიტიკოსების პოზიცია, გარდა რესპუბლიკური პარტიისა.

რესპუბლიკური პარტია

“რესპუბლი პარტიის” ლიდერმა ხათუნა სამნიძემ შარლმ მიშელის განახლებული დოკუმენტისთანავე განაცხადა, რომ მზადაა ხელი მოაწეროს ახალ წინადადბებას.

მისი თქმით, მიშელის მიერ დღეს წარდგენილ დოკუმენტში პოზიტიური პროგრესია, რადგან მასში არის ჩანაწერი ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ გზაზე. ასევე, მკაფიოდაა ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხზე ჩანაწერიც.

სამნიძის შეფასებით, პარტნიორებმა დადეს დოკუმენტი, რომელიც არის კომპრომისული ვერსია ყველა პუნქტთან დაკავშირებით და ამიტომ ელის, რომ იქნება ფართო ხელმოწერა.

გირჩი – მეტი თავისუფლება

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელს აწერს. თუმცა დასძენს, რომ ხელმოწერის მიუხედავად, ამ დოკუმენტით კრიზისის განმუხტვის არ სჯერა.

ლელო

შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს “ლელოც”. ეს გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზევ დღეს მიიღეს. “ლელოს” წევრი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე ერთხმად მიიღეს.

ლეიბორისტული პარტია

ლეიობრისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, შარლ მიშელის შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. მისი თქმით, ასეთ დოკუმენტზე ხელის მოწერა გამორიცხულია.

სტრატეგია აღმაშენებელი

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გამო აზრი ორად გაიყო “სტრატეგია აღმაშენებელში”. გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერონ.

ამავე ბლოკის კიდევ ერთი ლიდერის, თამარ ჩარკვიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ვაშაძე ხელს მოაწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შემუშავებულ დოკუმენტს, მისი და ვაშაძის გზები გაიყოფა და კოალიციას დატოვებს. სტრატეგია აღმაშენებელს 4 მანდატი ეკუთვნის. თაკო ჩარკვიანის თქმით, არსებობს შეთანხმება, რომ მის მანდატს სტრატეგია აღმაშენებლის სხვა წევრები ვერ აითვისებენ.

ევროპული საქართველო

შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ “ევროპული საქართველოს” ლიდერებსა და პარტიის საარჩევნო სიით პარლამენტში მოხვედრილ დეპუტატებს.

“ევროპული საქართველოს” ყოფილმა ლიდერმა და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ გუშინ განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს “სერიოზულად განიხილავს”. მისი თქმით, დოკუმენტში წინა ვერსიასთან შედარებით შეტანილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ამ დოკუმენტს აუმჯობესებს. როგორც ბაქრაძე ამბობს, დოკუმენტი კომპრომისის შედეგია და კომპრომისს ხანდახან  მძიმედ მხარდასაჭერი შეთანხმებებიც მოაქვს. ამის შემდეგ ბაქრაძეს სხვა კომენტარი აღარ გაუკეთებია.

პარლამენტის არჩეული წევრი “ევროპული საქართველოდან” არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის,  შარლ მიშელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის პირობები მისთვის მისაღებია და მხარეებს შორის შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის პარლამენტშიც შევიდეს. კითხვაზე, მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტს პერსონალურად უჭერს მხარს, თუ ეს “ევროპული საქართველოს” პოზიციაც არის, ახვლედიანი გვპასუხობს, რომ ეს მისი პოზიციაა და დასძენს, რომ პარტიის წევრი არ არის.

დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლებას იტოვებს “ევროპული საქართველოს” საარჩევნო სიით არჩეული კიდევ ერთი დეპუტატი შალვა შავგულიძეც. შავგულიძეს მიაჩნია, რომ  შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი ყველაზე კარგია იმ ვარიანტებს შორის, რაც აქამდე არსებობდა. თუმცა, მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი გარკვეულ კორექტირებას საჭიროებს.

ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა. როგორც ნეტგაზეთს ნაკაიძემ უთხრა, არ ეთანხმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე არსებულ პირობას.

“ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია დეპუტატის მანდატის გამოყენებას არ აპირებს. მისი თქმით, ვინაიდან პარტია დატოვა, დეპუტატის მანდატი არა მას, არამედ “ევროპულ საქართველოს” ეკუთვნის. ამასთან, ხოშტარია ამბობს, რომ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული განახლებული დოკუმენტი კრიზისის გადაჭრის გზა არ არის.

შალვა შავგულიძის, დავით ბაქრაძისა და არმაზ ახვლედიანის განცხადებებს ეხმაურება “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია და ამბობს, რომ ამ ეტაპზე  მათი მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება მცდარ გადაწყვეტილებად მიაჩნია .

“ეს ორი ადამიანი, ბატონი შალვა და ბატონი არმაზი, პარტიის წევრები არ იყვნენ და არ არიან, მაგრამ ჩვენს პარტიულ სიაში იყვნენ. ამიტომ მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ყველა შემთხვევაში, თან ახლა, ამის დაფიქსირება. რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, აქ კიდევ უფრო უხერხული და არაკორექტული ვითარებაა. ბატონმა დავითმა ჯერ არჩევნებამდე ჩვენს პოლიტიკურ გუნდში თქვა და შემდეგ, საჯაროდ, რომ ცუდი შედეგის შემთხვევაში საერთოდ არ აპირებდა პარლამენტში შესვლას და შემდეგ, პარტიული პოლიტიკიდან მივდივარ და ვერ ვხედავ საკუთარ თავსო; უხერხული და არაკორექტული ამბავია, რბილად რომ ვთქვა, თუ ეს ყველაფერი იმ კონტექსტში იყო, რომ მერე საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავდა, მაგრამ პარლამენტში ხედავდა. მაგრამ ეგ არ არის მთავარი ამ კონტექსტში”, — აცხადებს ბოკერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი