ახალი ამბები

“მე მხარს დავუჭერ” – არმაზ ახვლედიანი მიშელის წინადადებაზე

19 აპრილი, 2021 •
“მე მხარს დავუჭერ” – არმაზ ახვლედიანი მიშელის წინადადებაზე

პარლამენტის არჩეული წევრი “ევროპული საქართველოდან” არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის,  შარლ მიშელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის პირობები მისთვის მისაღებია და მხარეებს შორის შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის პარლამენტშიც შევიდეს.

“პირდაპირ გეტყვით, რომ სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ მიშელის მიერ შემოთავაზებული გეგმის სულისკვეთებას. მიმაჩნია, რომ ამ დოკუმენტს მხარი უნდა დაუჭიროს ქვეყნის მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ. მასში მოცემულია ის ფუნდამენტური და ყველაზე არსებითი თემები საქართველოსთვის, რაც ერთი მხრივ, დაასრულებს ქვეყანაში კრიზისს და, მეორე მხრივ, მოგვცემს საშუალებას, რომ ასეთ კრიზისში აღარასდროს აღმოვჩნდეთ. პირიქით, განვვითარდეთ სწორი მიმართულებით. ცხადია, ასეთ შეთავაზებას მე მხარს დავუჭერ”, – აცხადებს ახვლედიანი.

ნეტგაზეთის კითხვაზე, მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტს პერსონალურად უჭერს მხარს, თუ ეს “ევროპული საქართველოს” პოზიციაც არის, ახვლედიანი გვპასუხობს, რომ ეს მისი პოზიციაა და დასძენს, რომ პარტიის წევრი არ არის.

“მე ვარ პარლამენტში არჩეული “ევროპული საქართველოს” გზით. ეს იყო ჩვენი შეთანხმება თავის დროზე, თუმცა გადაწყვეტილებებს ვიღებ ინდივიდუალურად და იქიდან გამომდინარე, რა არის უმჯობესი, ჩემი აზრით, ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, “ევროპული საქართველოც” მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას და სხვა პარტიებიც მიიღებენ, რადგან ვერ ვხედავ უკეთესს გზას, რომ განიმუხტოს ეს კატასტროფული კრიზისი.”

ახვლედიანი ამბობს, რომ “ევროპულმა საქართველომ” რომც არ დაუჭიროს მხარი ამ დოკუმენტს და ხელი არ მოაწეროს, შეთანხმების შემთხვევაში მაინც შევა პარლამენტში. მისივე თქმით, ისურვებდა, ამ დოკუმენტს რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი ჰყავდეს, მათ შორის, უმთავრესად “ქართული ოცნება”, რომელსაც ახვლედიანის განცხადებით, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ამ პროცესში.

გუშინ, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს შეთანხმებისთვის ახალი წინადადება წარუდგინა.

მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.

იხილეთ დოკუმენტი სრულად:

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი