ახალი ამბები

ნაკაიძე ვადამდელის საკითხის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე მიბმას არ ეთანხმება

19 აპრილი, 2021 •
ნაკაიძე ვადამდელის საკითხის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე მიბმას არ ეთანხმება

პარლამენტის არჩეული წევრი “ევროპული საქართველოდან” ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა. როგორც ნეტგაზეთს ნაკაიძემ უთხრა, არ ეთანხმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე არსებულ პირობას.

“ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ამ კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი გზა ვადამდელი არჩევნებია. ამიტომ ხელს არ მოვაწერ მანამ, სანამ არ მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და არ მოხდება ვადამდელი არჩევნების რეალურ ფორმატში [დანიშვნა]. სამწუხაროდ, არ ვეთანხმები ვადამდელი არჩევნებისთვის ადგილობრივი არჩევნებიდან მიღებული ხმების ( 40 ან 43%-იან) განსაზღვრას. ვფიქრობ, რომ ოპოზიციური ერთიანობა შენარჩუნდება ამ მიმართულებით და მზად ვარ, რომ ამ ოპოზიციის ერთიანობას ხელი შევუწყო”,-აცხადებს ნაკაიძე.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ “ევროპული საქართველო” ხელს მოაწერს შეთანხმებას, შევა თუ არა პარლამენტში, ნაკაიძე გვპასუხობს, რომ უმთავრესი მაინც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და “პოლიტპატიმრების” გათავისუფლებაა და სწორედ ამ ორი საკითხის შემდეგ უნდა იფიქრონ პარლამენტში შესვლაზე.

“როცა პარტია აწერს ხელს და ჩვენ ვთანხმდებით და ვხედავთ იმას, რომ ვადამდელი არჩევნების თემა მიღწევადია. რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი მიზანი პარლამენტში შესვლა იყო არჩევნების მონაწილეობის პერიოდში და პოლიტიკაში მოსვლაშიც. პარლამენტის ტრიბუნა ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუმცა სამწუხარო რეალობაში აღმოვჩნდით იმიტომ, რომ “ქართულმა ოცნებამ” გაყალბებით და სხვადასხვა მექანიზმით არ მოგვცა ეს შესაძლებლობა. ყველაზე კარგი ინსტრუმენტი, რაც ოპოზიციამ გამოიყენა, იყო ბოიკოტი. ვფიქრობ, ამ ბოიკოტს ბოლომდე უნდა შევუწყოთ ხელი, სანამ შედეგს არ მივაღწევთ. ეს არის ვადამდელი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ის დანარჩენი საკითხები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მაშინ, როცა ამის შემდეგ შედიხარ პარლამენტში და მხარს უჭერ იმ ცვლილებებს: როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასა და ა.შ. მაგრამ უმთავრესი მაინც ეს ორი საკითხია, რომელიც ხსნის გზას იმისთვის, რომ პარლამენტში შეხვიდე.”

გუშინ, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს შეთანხმებისთვის ახალი წინადადება წარუდგინა.

მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი