ახალი ამბები

“ვფიქრობ, ენმ-მ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს” — სამადაშვილი

19 აპრილი, 2021 • 843
“ვფიქრობ, ენმ-მ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს” — სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთავაზებულ დოკუმენტს ენმ-მ ხელი უნდა მოაწეროს. ამის შესახებ სამადაშვილმა “ნეტგაზეთთან” ისაუბრა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ამჟამად კონსულტაციების რეჟიმშია და ჯერ პარტიის საბოლოო პოზიცია არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა მას მიაჩნია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოეწეროს.

“ვფიქრობ, რომ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად კომპრომისებს მოითხოვს ჩვენი მხრიდან. ჩემი პირადი აზრი უფრო იხრება იქითკენ, რომ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა უფრო დამაზიანებელი იქნება, ვიდრე ხელმოწერა.

პარტიის შიგნით არის განსხვავებული პოზიციები, თქვენ მოისმინეთ შეფასებები, რომ ხელი არ უნდა მოაწერონ დოკუმენტს. მე მაქვს განსხვავებული მოსაზრება და მიმაჩნია, რომ დოკუმენტს ხელი უნდა მოვაწეროთ იმიტომ, რომ დამაზიანებელი იქნება როგორც ოპოზიციური ერთიანობის დარღვევა, ასევე, ეს ნაციონალური მოძრაობისთვის დამაზიანებელი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე”, — განმარტა სამადაშვილმა.

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე შემოთავაზებული დოკუმენტი საკმარისია იმისთვის, რომ კონკრეტული საკითხების მოგვარებისთვის სამომავლოდ იბრძოლონ.

“ამნისტიის ნაწილში ორი საკითხია, ამნისტია ფარავს მელიასთვის ბრალდების მოხსნას, რაც მას აძლევს შესაძლებლობას, გააგრძელოს ნორმალური პოლიტიკური საქმიანობა, რაც ძალიან მნიშვნელოვნია. რაც შეეხება გიორგი რურუას, აქაც არის შესაძლებლობა ან ამნისტიის, ან პრეზიდენტის შეწყალების. შესაბამისად, ორივე პოლიტპატიმრის თემა დახურულია.

რაც შეეხება ამნისტიის კანონს, ამაზე მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება, პარლამენტში ჩვენ უზრუნველვყოთ ის, რომ ის მუხლები, რომლებიც შეეხება სამსახურეობრივ დანაშაულს, ანუ კონკრეტულად ადამიანების დაზიანებას, ამ მუხლებს არ შეეხოს ამნისტია”, — განაცხადა სამადაშვილმა 20 ივნისის მონაწილეების ამნისტიასთან დაკავშირებით.

ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით კი, სამადაშვილის განმარტებით, ადგილობრივ არჩევნებზე მიბმის ფორმულა არ მოსწონს, თუმცა ამ ეტაპზე უკეთესი ფორმულა არ არსებობს, რადგან “ქართული ოცნება” პლებისციტს არ თანხმდება:

“მე მერჩივნა, რომ პლებისციტის საკითხი ყოფილიყო დაფიქსირებული, ადგილობრივ არჩევნებზე მიბმის ფორმულა არ მომწონს, მაგრამ, ამავე დროს ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციას შეუძლია პლებისციტად აქციოს გარკვეულწილად და იბრძოლოს იმისთვის, რომ სწორედ ადგილობრივ არჩევნებზე მოიპოვოს ისეთი დამაჯერებელი გამარჯვება, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება გახდეს გარდაუვალი და სხვა უკეთეს ფორმულას ამ წუთში ვერ ვხედავ, რადგან პლებისციტს არ თანხმდება “ქართული ოცნება“.

რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციულ რეფორმას, ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, რა შეიძლება ყოფილიყო უკეთესი და განსხვავებული, თუმცა ეს არის კომპრომისული დოკუმენტი და ის შემოთავაზებები საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ ვისაუბროთ საარჩევნო ადმინისტრაციის საგრძნობლად გაუმჯობესებაზე და ამის გარეშე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება საერთოდ რამე პროგრესი გვქონდეს”, – განაცხადა სამადაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება გუშინ, 18 აპრილს წარუდგინა.

მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას ,მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.

შარლ მიშელის ახალი წინადადება პარტიებს დღეს, 18 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე წარედგინათ. დღევანდელ შეხვედრას “ქართული ოცნებაც” უნდა დასწრებოდა, თუმცა მმართველი პარტია შეხვედრაზე არ გამოცხადდა.

იხილეთ დოკუმენტი სრულად:

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი