საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში მთავარი კითხვაა, ვინ დაითვლის ხმებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ 18 აპრილს შეთავაზებულ დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.
მიხეილ სააკაშვილი დოკუმენტის სწორედ ამ ნაწილზე ამახვილებს ყველაზე დიდ ყურადღებას „მთავარ არხთან“ საუბრისას და ამბობს, რომ ეშმაკი დეტალებშია.
„ძალიან მნიშვნელოვან მომენტად მიმაჩნია, რომ “ოცნებამ” აღიარა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. ჩვენ ვიცით, რომ წინა არჩევნები იყო გაყალბებული და მოპარული. ამიტომ, ეს არის მნიშვნელოვანი.
მეორე საკითხზე საუბრისას, აქ არის ეშმაკი დეტალებში: ჯერ ერთი, გაუგებარია, რატომ არის 43% და და არა 50%. თუ უმრავლესობის მხარდაჭერაზეა საუბარი, 43% რა არის, ვვაჭრობთ?
მეორე კითხვა, რომელიც მაქვს და ეს არის უბრალოდ კითხვა, რომელიც ყველამ უნდა დაუსვას საკუთარ თავს, ვისაც შეთანხმება უნდა: ვთქვათ, 43%. ეს 43% ვინ უნდა დაითვალოს? ისევ თამარ ჟვანიამ?“, — ამბობს სააკაშვილი.
მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დღეს დაკომპლექტებულია „ქართული ოცნების“ დანიშნული პირებით, შესაბამისად, ის ხმებს ობიექტურად არ დაითვლის. ამის გამოსასწორებლად კი რამდენიმე საშუალება არსებობს, მათ შორის, კომისიის ისე დაკომპლექტება, როგორც ეს ბალკანეთის ქვეყნებსა და უკრაინაში ხდება, კერძოდ:
„კომისია, სადაც 3 წევრს ირჩევს დასავლეთი, სამ წევრს- მთავრობა და სამი წევრი დანიშნულია ოპოზიციის მიერ. თუ ეს ასე იქნება, მაშინ ცესკოში მივიღებთ ხალხს, ვინც ობიექტურად დათვლის ხმებს“, — აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ მისთვის მისაღებია ელექტრონული კენჭისყრა
სააკაშვილისთვის ასევე გაუგებარია ნიკა მელიას გათავისუფლების პროცესი.
“როგორც მე ვხვდები, “ოცნების” ჩანაფიქრი არის „ვირეშმაკული“: პროკურორი შევა, მისცემს ვადას გირაოს შეგროვებისთვის, ამასობაში კი ის უნდა გამოუშვან და შემდეგ უკვე იქ მიიღებენ ამნისტიის კანონს, სადაც მოხდება, მათ შორის, იმ ხალხის ამნისტირებაც, ვინ თვალები დათხარა მაკო გომურს და სხვა ადამიანებს”, — ამბობს სააკაშვილი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება გუშინ, 18 აპრილს წარუდგინა. მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.
“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.
შარლ მიშელის ახალი წინადადება პარტიებს დღეს, 18 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე წარედგინათ. დღევანდელ შეხვედრას “ქართული ოცნებაც” უნდა დასწრებოდა, თუმცა მმართველი პარტია შეხვედრაზე არ გამოცხადდა.
იხილეთ დოკუმენტი სრულად: