ახალი ამბები

შემიძლია “რესპუბლიკელების” სახელით ვთქვა, მზად ვართ, მიშელის დოკუმენტზე ხელმოსაწერად – სამნიძე

18 აპრილი, 2021 •
შემიძლია “რესპუბლიკელების” სახელით ვთქვა, მზად ვართ, მიშელის დოკუმენტზე ხელმოსაწერად – სამნიძე

“რესპუბლი პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ  მზადაა ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალ წინადადბებას. ამის შესახებ სამნიძემ დღეს, 18 აპრილს განაცხადა.

მისი თქმით, მიშელის მიერ დღეს წარდგენილ დოკუმენტში პოზიტიური პროგრესია, რადგან მასში არის ჩანაწერი ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ გზაზე და  ასევე მკაფიოდაა ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხზე ჩანაწერიც.

სამნიძის შეფასებით, პარტნიორებმა დადეს დოკუმენტი, რომელიც არის კომპრომისული ვერსია ყველა პუნქტთან დაკავშირებით და ამიტომ ელის, რომ იქნება ფართო ხელმოწერა.

“ამიტომ ამის გათვალისწინებით დანარჩენი სამი საკითხის გათვალისწინებით, რომელზეც აქამდე შეთანხმებული ვიყავით დოკუმენტი არის მისაღები.

მე შემიძლია “რესპუბლიკური პარტიის” სახელით ვთქვა, რომ პოზიტიურად ვართ განწყობილი და მზად ვართ იმისთვის, რომ ხელი მოეწეროს ამ დოკუმენტს, მაგრამ რა თქმა უნდა ამისთვის, საჭიროა, რომ ხელისუფლების მხრიდან იყოს მზაობა, რომ შევთანხმდეთ”, — განაცხადა სამნიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება წარუდგინა.

მიშელის დოკუმენტში საუბარია, როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.

შარლ მიშელის ახალი წინადადება პარტიებს დღეს, 18 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე წარედგინათ. დღევანდელ შეხვედრას “ქართული ოცნებაც” უნდა დასწრებოდა, თუმცა მმართველი პარტია შეხვედრაზე არ გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი