პარლამენტის არჩეულ წევრს “ევროპული საქართველოდან” შალვა შავგულიძეს მიაჩნია, რომ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი ყველაზე კარგია იმ ვარიანტებს შორის, რაც აქამდე არსებობდა.
თუმცა, მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი გარკვეულ კორექტირებას საჭიროებს. კერძოდ, შავგულიძის აზრით, არ არის გამართლებული რიგგარეშე არჩევნების საკითხის მიბმა 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებთან. როგორც ის ამბობს, ეს ტესტი ვერ იმუშავებს და თავის მოტყუებაა. მისი თქმით, ამას სჯობს, რომ ეს თემა საერთოდ არ იყოს შეთანხმების დოკუმენტში.
შავგულიძე ამბობს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი ისევ გირაოს გადახდაზე არ უნდა იყოს მიბმული და მისთვის გირაოს გადახდის ვარიანტიც ამოღებული უნდა იყოს დოკუმენტიდან.
ამასთან, შავგულიძე ამბობს, რომ მეტი გარანტიებია საჭირო, რომ “ქართულმა ოცნებამ” შეთანხმების დოკუმენტის არასწორი წაკითხვა ვერ შეძლოს.
ნეტგაზეთის კითხვაზე, შევა თუ არა ის პარლემენტში, თუ აღნიშნული კორექტირებების გარეშე შეთანხმდებიან პარტიები, შავგულიძე პირდაპირ არ გვპასუხობს. თუმცა, მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა დაინახოს საშიშროება, რომ შესაძლოა ქვეყანა რუსეთის პირისპირ მარტო დარჩეს და ივანიშვილის “რუსული ვექტორის” უნებლიე ხელშემწყობი აღმოჩნდეს. მისი თქმით, მისი პარლამენტში შესვლის მთავარი მიზეზი სწორედ ეს იქნება.
როგორც ცნობილია, ჯერჯერობით “ევროპულ საქართველოს” არ განუცხადებია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს. შავგულიძეს ვკითხეთ, შევა თუ არა პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუ “ევროპული საქართველო” ხელს არ მოაწერს. მისი თქმით, მიუხედავად “ევროპულ საქართველოსთან” პარტნიორობისა, მას დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს.
“მე “ევროპულ საქართველოს” ყოველთვის აღვიქვამდი პარტნიორ პოლიტიკურ ძალად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ მაქვს დატოვებული დამოუკიდებელად გადაწყვეტილების მიღების უფლება. მე ვისურვებდი იმ კორექტირებებზე ზრუნვას ოპოზიციის მხრიდან და არა იმ ხაზების გავლებას, ვინ აწერს და არ აწერს. ჯერ გაწეული იყოს სათანადო შრომა საჭირო კორექტირებების შესატანად.
მე მაინც ვიხრები იქითკენ, რომ რადგან ხელისუფლება არათუ უპასუხისმგებლოა, აშკარად ანტისახელმწიფოებრივია და ჩვენი დასავლური კურსის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, არ აღმოჩნდეს, რომ ოპოზიციამაც უნებლიეთ ხელი შეუწყო მას ამაში და არ დავრჩეთ რუსეთთან პირისპირ. მე მაინც ამ პასუხისმგებლობას ძალიან მძაფრად განვიცდი და თუ მე მომიწევს “ევროპული საქართველოსაგან” განსხვავებული პოზიციის მიღება, ეს განპირობებული იქნება ამ ხედვით. მე ნამდვილად ვიტოვებ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლებას”, — განაცხადა შავგულიძემ.