„კი, ჩვენი მთავარი კითხვა მომჩივანთან, მათ შორის არსებითი განხილვის დროს, სწორედ ეს იყო – რას გვედავებიან? ითხოვენ პოლიტიკური პარტიის აკრძალვას სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო 2003-დან 2012 წლამდე. ხომ? რეალობა ეს არის.და რამდენად რელევანტურია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო აკრძალო პოლიტიკური პარტია? იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა რეალურად უნდა გამომდინარეობდეს მისი მიზნებიდან და მისი მოქმედებებიდან“, – თქვა წითლიძემ.
- ანა წითლიძე: – „2003-დან 2012 წლამდე, აი, რამდენი მინისტრი, მინისტრის მოადგილე და თანამდებობის პირი ჰყავდა მაშინდელ ხელისუფლებას? და რამდენი მათგანი იყო პარტიული. მე შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ უმრავლესობა – არა. თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ, მათ შორის პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით?“
- მოსამართლე ვასილ როინიშვილი: – „არა, არასდროს არ ვიყავი არცერთი პარტიის წევრი“.
- ანა წითლიძე: „რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ამას ვამბობ, ზუსტად ეს არის სრული ნონსენსი“.
„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო. სასამართლო ამჟამად კითხვა-პასუხის ეტაპზეა.
სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].
