პოლიტიკური გაერთიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, თამარ ჩარკვიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ვაშაძე ხელს მოაწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შემუშავებულ დოკუმენტს, მისი და ვაშაძის გზები გაიყოფა და კოალიციას დატოვებს. ამის შესახებ ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ჩვენ [ჩარკვიანს და ვაშაძეს] გვქონდა საუბარი, უფრო ღრმა საუბარს ვაპირებთ კიდევ და რჩევასაც ვაპირებთ, ცხადია. თუმცა, თუ ეს ასე არ იქნება, [შეთანხმებას ვერ მივაღწევთ], ბუნებრივად გაიყოფა ჩვენი გზები. ჩვენ დავრჩებით, ცხადია, მეგობრებად, მაგრამ ეს პოლიტიკაა…”, – განაცხადა ჩარკვიანმა.
ჩარკვიანის თქმით, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში არ არის სასამართლო სისტემის საკითხი, ასევე, თანამდებობაზე რჩება ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე და არ ჩანს პროკურორის ინსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა.
კითხვაზე, როდის მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, ჩარკვიანმა უპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის და რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი ვაშაძე.
“ეს დოკუმენტი არ არის ის დოკუმენტი, რომელიც შემაცვლევინებს სასამართლო კლანს და ოლიგარქიას საქართველოში”, – განაცხადა ჩარკვიანმა.
კითხვაზე, დატოვებს თუ არა ჩარკვიანი კოალიციას იმ შემთხვევაში, თუ ვაშაძემ ხელი მოაწერს დოკუმენტს, მან განაცხადა, რომ ეს “ბუნებრივია”.
ამასთან, ჩარკვიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ “სტრატეგია აღმაშენებელმა” დოკუმენტს ხელი მოაწერა და პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა, შეთანხმების საფუძველზე, ჩარკვიანის მანდატს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი ვერ მიიღებს და მათგან მხოლოდ 3 ადამიანი შეძლებს შესვლას.
თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომ მას არ სურს დოკუმენტზე ხელის მოწერა, გიორგი ვაშაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, ჩარკვიანი დამოუკიდებელი პარტიის ლიდერია და შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება:
“თაკო ჩარკვიანთან მქონდა საუბარი, ყველამ შეიძლება მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ის არის ცალკე, დამოუკიდებელი პარტიის ხელმძღვანელი, ლიდერი და საკუთარი სტრატეგია აქვს. მე ყველას გადაწყეტილებას ვცემ პატივს. მორჩა და დამთავრდა”.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში რას იზამს, თუ ვერ შეთანხმდებიან ის და ჩარკვიანი, ვაშაძემ განაცხადა, რომ “ამ დოკუმენტის ყველა პწკარის შექმნაში აქვს მონაწილეობა მიღებული” და ბევრი იდეა, რაც დოკუმენტშია, მას ეკუთვნის. “იმდენად ძვირფასი დოკუმენტია, რომ ამ დოკუმენტის საჭურისად მოხსენიება, მარტვიად რომ ვთქვათ, არასწორი მგონია”, – განმარტა ვაშაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება გუშინ, 18 აპრილს წარუდგინა.
მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.
“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას ,მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.
შარლ მიშელის ახალი წინადადება პარტიებს დღეს, 18 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე წარედგინათ. დღევანდელ შეხვედრას “ქართული ოცნებაც” უნდა დასწრებოდა, თუმცა მმართველი პარტია შეხვედრაზე არ გამოცხადდა.
იხილეთ დოკუმენტი სრულად: