“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, აკაკი მინაშვილის თქმით, პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ მინაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” დოკუმენტს ხელს არ აწერს, რადგან ბუნდოვანია “პოლიტიკური პატიმრების” გამოშვების გეგმა და ადგილობრივი არჩევნების ვადამდელ არჩევნებთან მიბმა:
“ამ ვერსიით და ამ მდგომარეობით “ნაციონალური მოძრაობა” ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს შემდეგი მიზეზების გამო: პირველ რიგში, ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების გამოშვების გეგმა, აქ არის საუბარი გირაოზე და თქვენ იცით ჩვენი პოზიცია გირაოს გადახდაზე ნიკა მელიას შემთხვევაში. აქ არის საუბარი ამნისტიაზე და იმ ჩანაწერით, რაც შეთანხმებაშია, ეს არის ძალიან ფართო ამნისტია და მოიცავს ასევე იმ ადამიანებს, საჯარო მოხელეებს, ვინც გადამეტებული ძალის გამოყენებით ზიანი მიაყენა იმ ადამიანებს, ვინც გამოხატავდა თავის პროტესტს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.
ის შემოთავაზება, რომელიც ეხება ადგილობრივი არჩევნების შედეგებს, ვადამდელის მიბმა, ეს არის არასწორი მიდგომა, რადგან თვისობრივად სხვადასხვა არჩევნებია და ასეთი მიდგომა კიდევ უფრო გაამძაფრებს და დაამძიმებს ვითარებას და მეტ პოლარიზებას მოახდეს, ამიტომ, ეს პრინციპი ჩვენთვის მიუღებელია”, – განაცხადა მინაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება გუშინ, 18 აპრილს წარუდგინა.
მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.
“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.
შარლ მიშელის ახალი წინადადება პარტიებს დღეს, 18 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე წარედგინათ. დღევანდელ შეხვედრას “ქართული ოცნებაც” უნდა დასწრებოდა, თუმცა მმართველი პარტია შეხვედრაზე არ გამოცხადდა.
იხილეთ დოკუმენტი სრულად: